ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო... წაიშალა ზღვარი პარტიასა და სახელმწიფოს შორის | ეუთო/ოდირის წინასწარი დასკვნა

გამოქვეყნდა:

26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, ეუთო-ოდირის წინასწარი დასკვნა გამოქვეყნდა. დოკუმენტი 40 გვერდიანია და მასში ვკითხულობთ იმ დარღვევებსა და ხარვეზებზე, რაც სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა. 

ზეწოლა საჯარო მოხელეებზე, დაშინება, ფინანსური რესურსების დისბალანსი მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ანგარიშის თანახმად, უარყოფითად აისახა საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე

დასკვნის ძირითადი ნაწილები: 

"ცნობები ამომრჩეველთა, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა, ზეწოლის შესახებ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში არ შემცირებულა. აღნიშნულმა, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ინტენსიურ აღრიცხვასთან ერთად შეშფოთება გამოიწვია ზოგიერთი ამომრჩევლის გამო, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ ხმის მიცემას დასჯის შიშის გარეშე.

ფინანსურ რესურსებს შორის არსებული მნიშვნელოვანი დისბალანსი და დაკავებული თანამდებობით სარგებლობის შეუსაბამო უპირატესობა ისედაც უთანასწორო საასპარეზო პირობებს კიდევ უფრო უთანასწოროს ხდიდა. 

არჩევნების დღე ზოგადად პროცედურული თვალსაზრისით კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ ხასიათდებოდა დაძაბულობით, ხმის მიცემის ფარულობის ხშირი კომპრომეტირებითა და პროცედურების არათანმიმდევრულად დაცვის რამდენიმე შემთხვევით, და ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შეტყობინებებით, რაც უარყოფითად აისახებოდა პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე.  

ანგარიშები ამომრჩეველთა, განსაკუთრებით კი საჯარო სექტორში დასაქმებულთა და ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფების დაშინების, იძულებისა და ზეწოლის შესახებ შეშფოთებას ზრდის, რადგან ზოგიერთმა ამომრჩეველმა შესაძლოა თავისუფლად ვერ გააკეთოს არჩევანი და შეეშინდეს ხმის თავისუფლად მიცემა, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. 

მაღალი რანგისა და ადგილობრივი მთავრობების თანამდებობის პირთა მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში და მთავრობის მიერ გამოცხადებული ამნისტიის პროგრამა, მმართველ პარტიას შეუსაბამო უპირატესობას ანიჭებდა. მთლიანობაში, აღნიშნულმა წაშალა ზღვარი პარტიასა და სახელმწიფოს შორის, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებსა და საერთაშორისო კარგ პრაქტიკას. 

კენჭისყრის დღე ზოგადად კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ ხასიათდებოდა დაძაბულობით, ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე ინციდენტით და ამომრჩეველთა და ასევე, ადგილობრივი დამკვირვებლების დაშინებით. ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო დაკვირვების 25 პროცენტში საარჩევნო ბიულეტენების ხმების დამთვლელ აპარატში ბიულეტენის შეცურების ან საარჩევნო უბნის დარბაზის არასათანადო დაგეგმარების გამო. 

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ხშირად მიუთითებდნენ ამომრჩევლებზე ზეწოლისა, საარჩევნო უბნებზე მოქალაქეთა სიჭარბისა და ასევე პროცედურების არათანმიმდევრული დაცვის ფაქტებზე. ბევრ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ხმის მიცემის პროცესის ვიდეოგადაღებას ახორციელებდნენ ან აღრიცხავდნენ ამომრჩევლებს, რაც შეშფოთებას ზრდის სავარაუდო დაშინების თაობაზე. 

მიუხედავად იმისა, რომ კანონს არ ეწინააღმდეგება, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, უმეტესწილად „ქართული ოცნებიდან“, ხმის მიცემის პროცესს იწერდნენ. დამკვირვებლების შეფასებით ამ ფაქტს დამაშინებელი ეფექტი ჰქონდა, რადგან კამერები ხშირად პირდაპირ ამომრჩეველთა იდენტიფიცირების მოწყობილობებს ან კენჭისყრის კაბინებს უყურებდნენ, რაც პოტენციურად აზიანებდა ხმის მიცემის ფარულობას.

საარჩევნო უბნების გარეთ უცნობი პირები ამომრჩეველთა აღრიცხვას ეწეოდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა მიიღეს შეტყობინებები ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ბრალდებების შესახებ. დაკვირვების არეალში მოქცეული ზოგიერთ შემთხვევაში პროცედურები არათანმიმდევრულად იყო დაცული - მარკირების რეგულარულად შემოწმება არ ხდებოდა" ნათქვამია დასკვნაში. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი