საარჩევნო დარღვევები და საჩივრები, რომლებიც საოლქო კომისიებმა არ დააკმაყოფილა | მესამე სექტორმა სარჩელები სასამართლოებში შეიტანა

გამოქვეყნდა:

სადამკვირვებლო მისია  “ჩემი ხმა” დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევებისა და განხილული საჩივრების შესახებ შემაჯამებელ მონაცემებს აქვეყნებს.

 დაკვირვების ქვეშ მყოფი 1131 უბნიდან:

  • დამკვირვებელს ხელი შეშალა დაკვირვებაში - 160 საარჩევნო უბანზე; 
  • მარკირება არ შემოწმებულა  - 191 საარჩევნო უბანზე;
  • მარკირება არ კეთდებოდა - 153 საარჩევნო უბანზე;
  • ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა - 365 უბანზე;
  • ფიზიკური დაპირისპირება/ძალადობა/ზეწოლა  დაფიქსირდა - 85 უბანზე
  • არაუფლებამოსილი პირები უბანზე ან უბნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ - 259 საარჩევნო უბანზე.

"ამასთანავე, მონაცემთა ანალიზის საფუძველზე იდენტიფიცირებულია 196 უბანი, ანუ ჩვენ მიერ დაკვირვებული უბნების 17%, სადაც დარღვევებს ჰქონდა განმეორებითი, განგრძობითი და რიგ შემთხვევაში სისტემური ხასიათი. 

ამასთან, სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ მრავალ პრობლემატურ  უბანზე დამკვირვებლებმა ვერ შეძლეს მთელი დღის განმავლობაში დაკვირვება, ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაცია და უბანზე მობილიზებული არაუფლებამოსილი პირები მათ ძალის გამოყენებით უკანონოდ აძევებდნენ."

სადამკვირვებლო კოალიციამ „ჩემი ხმა“ 29 საარჩევნო ოლქში წარადგინა საჩივრები 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 417 305 მოქალაქეს.

საოლქო საარჩევნო კომისიებმა უბნების ბათილობის მოთხოვნით წარდგენილი არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

სადამკვირვებლო მისიამ საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებები სასამართლოებში გაასაჩივრა.

არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის ფაქტი საერთო სასამართლოებში გაასაჩივრა "საიამაც". 24 რაიონულ/საოლქო სასამართლოში ორგანიზაცია 73 ოლქის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. ორგანიზაცია ყველა იმ უბნის (2263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. პროცესები შემჭიდროვებულ ვადებში უნდა ჩატარდეს.

"საიას საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების საბოლოო შედეგზე. 
საოლქო საარჩევნო კომისიებმა სრულიად შაბლონური დასაბუთებით არ დააკმაყოფილეს საიას საჩივრები. საოლქო საარჩევნო კომისიებს პასუხისმგებლობა ამომრჩეველზე გადააქვთ და აცხადებენ, რომ შესაბამისი წესების დაცვის შემთხვევაში ხმის ფარულობა დაცული იქნებოდა.
ჩვენ მტკიცებულებზე დაყრდნობით ვდავობთ, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას."

 მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 მოსამართლე განიხილავს ქართველ ამომრჩეველთა ხმის ფარულობის დარღვევის საქმეს, რომელიც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა!
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი