მოვითხოვთ, კალანდარიშვილმა სასწრაფოდ მოიწვიოს სხდომა, სადაც არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდება | ცესკოს ოპოზიციონერი წევრები

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები ცესკო-ს სხდომის სასწრაფოდ ჩატარებასა და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ  26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა, შესაბამისად, შედეგები უნდა გაბათილდეს:

"არჩევნებიდან 10 დღე გავიდა და ამ 10 დღის განმავლობაში ჩართული მხარეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და რაც მთავარია, ქართველი ამომრჩეველი აპროტესტებდა კონსტიტუციის ძირითადი პრინციპის-ფარულობის დარღვევას. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა გუშინდელმა სასამართლომ.

ცესკო-ს ოპოზიციონერი წევრები მოვითხოვთ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა სასწრაფო წესით მოიწვიოს კომისიის სხდომა, სადაც არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდება და მოვითხოვთ ხელახალი არჩევნების ჩატარებას," - განაცხადა ცესკოში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ.

ცესკო-ს კიდევ ერთი ოპოზიციონერი წევრის გიორგი სიორიძის განცხადებით, არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სასამართლომაც დაადასტურა.

"ის, რომ ეს არჩევნები იყო სპეცოპერაცია, ამაზე ყველა საუბრობს. მომზადებულია სხვადასხვა მტკიცებულება, რომელიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მიეწოდება. ერთი რამ ყველასთვის ცხადია, რომელსაც არც ხელისუფლება, არც ცესკო და არავინ უარყოფს, ეს გახლავთ ის, რომ ამომრჩევლის ფარულობა ტექნოლოგიზებულ უბნებზე მასობრივად იყო დარღვეული. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ შექმნა პრეცედენტი და შესაბამისი უბნების შედეგები გააუქმა. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს სამართლებრივი საფუძველი არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნისთვის," - განაცხადა სიორიძემ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი