თბილისის სააპელაციოს სხდომა ვერ იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებით გარანტირებულ პროცედურულ სამართლიანობას | საია

გამოქვეყნდა:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩატარებულ 22 საათიან პროცესს ეხმიანება

საიას განცხადებით, სხდომა  ვერ იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებით გარანტირებულ პროცედურულ სამართლიანობას. ასევე, დარღვეულია კანონმდებლობით დადგენილი ვადები, რადგან გადაწყვეტილებების მიღება არაუგვიანეს გუშინ, ღამის 12:00 საათამდე უნდა მომხდარიყო.

"თბილისის სააპელაციო სასამართლოში უკვე 22 უწყვეტი საათია მიმდინარეობს პროცესი, რომლის ფარგლებშიც 26 საქმე გაერთიანებულად განიხილება.

ამ საქმეთა შორის გაერთიანებულია საიას 12 საქმე, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ყველა, 1293, ტექნოლოგიური უბნის ბათილობას ეხება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა საქმეთა გაყოფის თაობაზე.

სამართლიანი სასამართლოს უფლების ძირითადი კონსტიტუციური პრინციპია, რომ სამართალწარმოება უნდა წარიმართოს გონივრულ ვადებში, რაც უზრუნველყოფს პროცედურული სამართლიანობის უზრუნველყოფას. გონივრული ვადა მიემართება, როგორც საქმის განხილვის სრულ დროს, ისე საქმის განხილვის სხდომის დროს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმდინარე სხდომა, რომელიც ახლა 22 უწყვეტ საათს აჭარბებს, ვერ იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებით გარანტირებულ პროცედურულ სამართლიანობას.

გარდა ამისა, დარღვეულია კანონმდებლობით დადგენილი ვადები, რადგან გადაწყვეტილებების მიღება არაუგვიანეს გუშინ, ღამის 12:00 საათამდე უნდა მომხდარიყო.

სასამართლო პროცესის ამგვარი წარმართვა ვერ აკმაყოფილებს როგორც შიდა ეროვნულ, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის (ECHR, ICCPR) სტანდარტებს, რითიც ირღვევა სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება.

უფლების დაცვის ეფექტიანი საშუალების არ ქონა კი, პირდაპირ გავლენას ახდენს სადავო უფლების, ამ შემთხვევაში, საარჩევნო უფლების დაცვაზე, რითიც ამ უფლების ეროვნულ დონეზე დაცულობის არსს არარად აქცევს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საქმეების გაერთიანების გადაწყვეტილება სასამართლომ გუშინ მიიღო. სავარაუდოდ იმ მიზნით, რომ თავიდან აეცილებინა რომელიმე მოსამართლის მიერ სასამართლო კლანისაგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება," - წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, სასამართლო რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავიდა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი