ღამურების ამბავი სისულელეა, ინგლისურიც არ ვიცი, ამერიკელებთან კონტაქტი ვერ მექნებოდა - მღებრიშვილი

გამოქვეყნდა:

ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი 86-დღიანი ტყვეობის შემდეგ დღეს გაათავისუფლეს. "მთავარ არხთან" საუბრისას მღებრიშვილმა თქვა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აიძულებდნენ, კამერების წინ მოეყოლა გამოგონილი ამბავი ღამურების რეალიზებაზე.

კარგად მექცეოდნენ, მაგრამ ღამურების ამბავი სისულელეა. ინგლისურიც არ ვიცი, ამერიკელებთან როგორ მექნებოდა კონტაქტი. ვნახე სხვა დაპატიმრებული ქართველებიც, კარგად არიან და გათავისუფლებას ელოდებიან, - ამბობს მღებრიშვილი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე ადასტურებს, რომ ტყვეობიდან გათავისუფლებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას არანაირი ფიზიკური დაზიანება არ აქვს. 

შეგახსენებთ, სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპანტებმა 3 ივლისს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს.

დეფაქტო ცხინვალის მტკიცებით, დაკავებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა, რომელთა რეალიზაციასაც აშშ-ის მოქალაქეებზე გეგმავდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოგვიანებით ვერსია შეცვალეს და მღებრიშვილს მხოლოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ედავებოდნენ.

მას ე.წ. სასამართლომ 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მღებრიშვილს სასჯელის ვადა 10 დღეში ეწურებოდა.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი