ბათუმელი სტუდენტების პროტესტი გრძელდება. ახალგაზრდები ამ წუთებშიც შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებიან და ამბობენ, რომ ღამეს უნივერსიტეტის შენობაში გაათენებენ.
მანამდე, დღეს, 14 ნოემბერს, მათ ახალი მოძრაობა დააფუძნეს, სახელწოდებით "გუშაგები" და თქვეს, რომ უწყვეტ საპროტესტო გამოსვლებს იწყებენ.
სტუდენტები "ქართული ოცნების" მმართველობას აკრიტიკებენ და არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. მათი თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და ხელმძღვანელი პირები ჩართული არიან მმართველი პარტიის პოლიტიკაში. "გუშაგის" წევრები აცხადებენ, რომ უნივერსიტეტი გასათავისუფლებელია "ოცნების" მარწუხებისაგან. ისინი ყველა სტუდენტს მოუწოდებენ, აქტიურად ჩაერთონ საპროტესტო ტალღაში.
"ეს ისტორიული მაგალითია, რადგან ბათუმში მთავარი და ისტორიული პროცესები ყოველთვის იწყებოდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მინდა მივმართო ყველა სტუდენტს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად არ დგას, შემოგვიერთდეს სამომავლოდ ამ დიდ ბრძოლაში, რომელსაც ვიწყებთ დღეს უნივერსიტეტიდან და სამომავლოდ გავაგრძელებთ ქალაქის ქუჩებში და ყველგან ვიქნებით სადაც საქართველოს ბედი წყდება", - თქვა სტუდენტმა მათე ცენტერაძემ მოძრაობის წარდგენისას.
იხილეთ ასევე: