სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების პროტესტს ცესკოს თავმჯდომარის სახლთან მათზე თავდასხმა მოჰყვა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობდნენ, სამართალდამცავებმა მათ გზა გადაუკეტეს. დახვდნენ ტიტუშკებიც. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მას პოლიციელმა უთხრა, რომ კალანდარიშვილი ხმაურით წუხდება:
"შუა გზაზე დაგვხვდა პოლიცია ძალიან დიდი რაოდენობით და გადაკეტილი გზით. პოლიციას გამოეყო აგრესიული, ე.წ ტიტუშკების ჯგუფიდან ერთ-ერთი, რომელიც ჩვენს დემონსტრანტს პირდაპირ თავს დაესხა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ გზის გაგრძელების უფლება აღარ მოგვცა. რომ ვეუბნებოდით, ჩვენ კანონს არ ვარღვევთ, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა პოლიციელმა ასეთი პასუხი გაგვცა, რომ გიორგი კალანდარიშვილმა არ უნდა, რომ გაიგონოს ხმაური საკუთარ სახლთან და ამით წუხდება, ეს არის მიზეზი." - თქვა აქციის მონაწილემ.
შეგახსენებთ, დღეს ცესკოს თავმჯდომარემ და საარჩევნო ადმინისტრაციამ 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა და გამარჯვებულად "ოცნება" გამოაცხადა.
შეჯამებამდე დარბაზში ხმაური და დაპირისპირება იყო. გაყალბებული არჩევნები ცესკოს ოპოზიციის წევრმა ენმ-დან, დავით კირთაძემ კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმით გააპროტესტა.