სტრასბურგში, ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს ნიკა გვარამია. "კოალიცია ცლვილებისთვის" ლიდერი განახლების ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერს, პეტრას ავსტრევიჩუსს ხვდება. საუბრის მთავარი თემა არჩევნებია. როგორც ნიკა გვარამია ამბობს, ახლა მთავარია არაღიარების გაგრძელებაზე მუშაობა როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით:
"მთავარი ორი ამოცანა არის: მუშაობა არაღიარებაზე გარეთ და საკუთრივ, თავად ამ არჩევნების არაღიარება შიგნით. პირველი გამოიხატება პარლამენტში არშესვლით და საერთოდ განულებით მანდატების, მე ასე ვუყურებ ამ საკითხს. მეორე გამოიხატება ჩვენს კოლეგებთან მუშაობაში, გავლენიან ადამიანებთან, დემოკრატიის მხარდამჭერებთან და საქართველოს ნამდვილ მეგობრებთან, ვისაც შეუძლია ყველაფერი გააკეთოს და შედეგი მოიტანოს იმგვარი, რომ ამ ხელისუფლებას არ ჰქონდეს საერთაშორისო ლეგიტიმაცია.
როცა ხელისუფლება "თვითგამოცხადებულია" მხოლოდ და მას არც ქვეყნის შიგნით პოლიტიკური თანამშრომლობა არ ეღირსება და არც ქვეყნის გარედან პოლიტიკური თანამშრომლობა ამას ხელისუფლება არ ჰქვია, ამას ჰქვია ხუნტა, სწორედ ამას წარმოადგენს "ქართული ოცნება" და ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ და ვიმუშაოთ ამაზე. სხვა მეთოდებიც, ბუნებრივია, არსებობს და არცერთ მეთოდზე უარი არ უნდა ვთქვათ, მაგრამ მე როგორც პოლიტიკოსი, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, მთავარ ორ მიმართულებად მივიჩნევ ამას.
ჩვენი შეხვედრების მიზანი და მათ შორის, როცა მეკითხებიან რას ვფიქრობ როგორც გამოსავალს, რა უნდა გააკეთოს ევროპამ, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შედის იმ ჩემს დამოკიდებულებებში, რეკომენდაციებშიც, არამხოლოდ ეს და დღეს კიდევ ერთხელ გვექნება რამდენიმე განხილვა და მერე საბოლოოდ შეჯერდება რეზოლუცია.
ცხადია, რეზოლუციას მე არ ვწერ, ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი პარლამენტის წევრები, ვინც საქართველოზე მუშაობს, ისინი ადგენენ ამ ტექსტს, თუმცა მათ აინტერესებთ ქართველი პოლიტიკოსების დამოკიდებულება, ქართველი ხალხის აზრი მათ იციან, ქუჩაშიც ხედავენ პროტესტს, კითხულობენ ყველაფერს, საკუთარი საელჩოებიც ჰყავთ ბოლო-ბოლო, მაგრამ პოლიტიკოსების დამოკიდებულებაც აინტერესებთ.
ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების ერთიანობა ყველა ფუნდამენტურ გადაწყვეტილებაში. ტაქტიკური, ასე ვთქვათ, ურთიერთგამომრიცხავი დამოკიდებულებები შეიძლება იყოს, მაგრამ ტაქტიკა არ არის გამოუსწორებელი ამბავი, სტრატეგიაში უნდა ვიყოთ ერთიანები," - განაცხადა გვარამიამ.
სტრასბურგში პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციები დაიწყო ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემაც.
ევროპარლამენტში საუბრობენ იმაზე, რომ ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და რომ დღის წესრიგში დგება პერსონალური სანქციების გამკაცრება:
"ჩვენ გვაქვს ყველა სახის მტკიცებულება, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ახლა საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გავეცნოთ დეტალებს, ვაიძულოთ საქართველოს ხელისუფლება, რომ გაასაჯაროოს დეტალები, მანამდე კი სრულიად შეუძლებელია, რომ ჩვენ ამ არჩევნების შედეგები ვაღიაროთ.
ახლა ინდივიდუალური სანქციები არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ვერ დავსჯით ყველას საქართველოში, ვინც მონაწილეობა მიიღო გაყალბებებში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დავასანქციროთ რამდენიმე პიროვნება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ გაყალბებებზე.
სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, რომ ოდირი არის ისეთი რეჟიმების გავლენის ქვეშ, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვძებნოთ გამოძიების ისეთი საშუალება, რომელიც თავისუფალი იქნება ამ რეჟიმების გავლენისგან და რაც მოიტანს სამართლიან შედეგებს და თუ დადასტურდება, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, შემდეგ შედეგებზე უნდა ვიფიქროთ." ამბობს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი.