აშშ-ის 17 დიპლომატი და ექსპერტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
"ჩვენ, საქართველოს მეგობრები, მათ შორის, ყოფილი ამერიკელი დიპლომატები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოში ან/და მუშაობდნენ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, საქართველოს მთავრობის მიერ თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას მკაცრად ვგმობთ. ჩვენ ასევე გვიჭირს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გაგება, შეაჩერონ ევროკავშირთან მოლაპარაკებები ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომელსაც ხელმძღვანელობენ "ქართული ოცნების" დე ფაქტო ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ, რომელიც რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში შეაქო, ათიათასობით ქართველის დემონსტრაციები გამოიწვია," - წერია ერთობლივ განცხადებაში.
წერილში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ რაც გასულ წელს ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, "ქართულმა ოცნებამ" არასწორი ნაბიჯები გადადგა რაც გამოიხატა მიღებული კანონებით, მათ შორის, რუსული კანონით, ასევე აშშ-ის ყოფილი ელჩის კელი დეგნანისა და კონგრესის წევრების მიმართ სიტყვიერი თავდასხმებით, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა რუსეთის მხრიდან.
"ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა 6,5 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია საქართველოს. შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღიდან მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებას. საქართველო გახდა რეფორმების ერთ-ერთი ლიდერი ფართო რეგიონის ქვეყნებს შორის, რაც ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა არის ძალიან პროამერიკული და პროევროპული და მათ სურთ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება.
ეს აშკარად კრიტიკული მომენტია საქართველოს ისტორიაში, რომელიც გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასიაზე და მის ფარგლებს გარეთაც. საქართველო, როგორც თავისუფლების შუქურა , სასწორზე დევს. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერის მრავალწლიანი ისტორია აქვს, როდესაც ისინი დემოკრატიისკენ მიიწევდნენ, მოქმედების დროა," - წერია განცხადებაში.
ხელმომწერებია აღნიშნავენ, რომ შეერთებულ შტატებს აქვს შესაძლებლობა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს. ისინი აშშ-ს მოუწოდებენ დააკისრონ პასუხისმგებლობა შესაბამის პირებს.
"ეს ნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა:
უნდა შეაჩეროს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარება იმის გამო, რომ მათ ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით წამოჭრილია სერიოზული კითხვები და ანალოგიურად უნდა შეაჩერონ ახალი პარლამენტის აღიარება და "ქართული ოცნების" მთავრობის აღდგენა.
მხარი უნდა დაუჭიროს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით, ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ქვეშ, რაც დემოკრატიული განახლების გზას შექმნის.
მოვუწოდოთ საქართველოს სამხედრო და უშიშროების სამსახურებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, ქართული დემოკრატიის საფუძველი, უარი თქვან ამ დოკუმენტთან შეუსაბამო ბრძანებებზე, მაგალითად, მშვიდობიანი დემონსტრანტების რეპრესიებზე.
დაუყოვნებლივ და საჯაროდ უნდა დაუწესდეთ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის სხვა წევრებს, რომლებიც ავტორიტარულ ქცევაში არიან ჩართულები. სანქციები უნდა შეეხოს პოლიციელებს და სამხედრო ოფიცრებს, რომლებიც მონაწილეობდნენ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაში და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას ხრიკების მოწყობაში.ყველა ეს ღონისძიება უფრო ეფექტური იქნება, თუკი ევროკავშირთან ერთად იქნება მიღებული. მარტო თუ ევროკავშირთან ერთად, ეს ნაბიჯები ეჭვს არ დატოვებს, რომ აშშ ცალსახად დგას საქართველოს ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის გვერდით," - წერენ დიპლომატები.
ხელმომწერები: