
სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ჩემი ხმა ევროკავშირს" დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, წამების და არაადამიანური მოპყრობის თანამონაწილეები არიან ზედამხედველებიც, ადამიანები რომლებსაც წამების აღკვეთა ევალებოდათ და არ შეაჩერეს.
"წამება არის აბსოლუტურად აკრძალული და წამებისთვის პასუხი უნდა აგოს არამარტო მისმა ჩამდენმა, არამედ მისმა ზედამხედველმა პირებმაც, რომლებსაც ევალებოდათ აღკვეთა წამების და არ შეაჩერეს. ასევე, წამების დანაშაულად ითვლება წამების გამოუძიებლობაც" - განაცხადა ლომჯარიამ.
ლომჯარიას განცხადებით, დანაშაულის მონაწილე ხდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც, რომელიც არცერთ ფაქტზე არ რეაგირებს და ამ დრომდე არავინ მიუცია პასუხისგებაში, მათ შორის, არც იდენტიფიცირებული მოძალადეები.
იგივე პასუხისმგებლობა ეკისრება სასამართლოსაც:
"ჩვენ შესაბამისი სახელების მითითებით, შესაბამისი უწყებების, ხელმძღვანელების და წარმომადგენლების სახელებს ვუგზავნით საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველ ინსტიტუტებს და დიპლომატიურ კორპუსს, რომ იცოდნენ ვინ არის საქართველოში მოქალაქეთა პოლიტიკურ რეპრესიებზე წამებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე პასუხისმგებელი," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ ბრიფინგზე, სადაც ნაცემი და დაკავებული მოქალაქეების უფლებების დარღვევებზე ისაუბრეს.