ელისაშვილის მსგავსად აქციებზე დაკავებული სხვა პირების შემთხვევაშიც, პროკურატურამ გამოყენებულ პატიმრობებს უნდა გადახედოს | საია

გამოქვეყნდა:

ალეკო ელისაშვილის მსგავსად აქციებზე დაკავებული სხვა პირების შემთხვევაშიც პროკურატურამ გამოყენებულ პატიმრობებს უნდა გადახედოს - აცხადებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია".

საია მიუთითებს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ აქციებზე დაკავებული სხვა პირების შემთხვევაშიც იკვეთება პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენების ფაქტები, მნიშვნელოვანი იქნება, პროკურატურამ სხვა პირებთან მიმართებითაც მიიღოს მსგავსი მიზანშეწონილი გადაწყვეტილება.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა განიხილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის  შეცვლის შესახებ. 

ბრალდების მხარე  აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 5 000 ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა ისე, რომ არ უსაუბრია ახლად გამოვლენილ იმ გარემოებებზე, რაც საფუძვლად დაედო პატიმრობის შეცვლას.  დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შუამდგომლობას და ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოიყენა გირაო 4000 ლარის ოდენობით. ალეკო ელისაშვილი სხდომის დარბაზიდანვე გათავისუფლდა. 

აღსანიშნავია, რომ პროკურორს სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ შუამდგომლობაში არ დაუსაბუთებია, რით იყო განპირობებული აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ცვლილება,  მხოლოდ უთითებდა, რომ ამ ეტაპზე ნაკლები ინტენსივობით არსებობდა ის საფრთხეები, რის საფუძველზეც პირველი წარდგენის სხდომაზე პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს.

სასამართლომ ალეკო ელისაშვილს 6 დეკემბერს შეუფარდა პატიმრობა, ხსენებულ სხდომაზე ბრალდების მხარე აბსტრაქტულად უთითებდა მიმალვის, ახალი დანაშაულის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე და მათ გასანეიტრალებლად ითხოვდა პატიმრობის გამოყენებას.  საია მიიჩნევდა, რომ პირველი წარდგენის სხდომაზეც არ ყოფილა, პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული, პროკურატურის გადაწყვეტილება კი კიდევ ერთხელ ცხადყოფს აღნიშნულს.

საყურადღებოა, რომ საია სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიშებში სისტემატურად მოუწოდებს პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის შეცვლის ინიციატორი თვითონვე იყოს, თუმცა აღნიშნულს პროკურატურა როგორც წესი არ აკეთებს. 

მართალია, გაუგებარია ამ შემთხვევაში რატომ მიიღო პროკურატურამ 10 დღის წინ მოთხოვნილი პატიმრობის გირაოთი შეცვლის გადაწყვეტილება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აქციებზე დაკავებული სხვა პირების შემთხვევაშიც  იკვეთება პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენების ფაქტები, მნიშვნელოვანი იქნება, პროკურატურამ სხვა პირებთან მიმართებითაც მიიღოს მსგავსი მიზანშეწონილი გადაწყვეტილება.

პროკურატურის ინიციატივით სასამართლომ კიდევ ერთი აქციაზე დაკავებული პირის, 17 წლის მ. გ.-ს მიმართ გამოყენებული პატიმრობა შეცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემით." აცხადებს საია

ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ შევიდა. ელისაშვილი სასამართლო დარბაზიდან, 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. 

ივანიშვილის შსს ელისაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ედავება, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას.  ელისაშვილს "ოცნების" წევრ ალი ბაბაევზე თავდასხმას ედავებიან. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალეკო ელისაშვილს წინასწარი პატიმრობა 6 დეკემბერს შეუფარდეს. ის  „ქორთიად მარიოტთან“ 4 დეკემბერს დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი