"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს დღეს მიმართა. ალეკო ელისაშვილს ივანიშვილის სასამართლომ 4 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ალეკო ელისაშვილს წინასწარი პატიმრობა 6 დეკემბერს შეუფარდეს. ის „ქორთიად მარიოტთან“ 4 დეკემბერს დააკავეს.
ივანიშვილის შსს ელისაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ედავება, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ივანიშვილის შსს ელისაშვილს "ოცნების" წევრ ალი ბაბაევზე თავდასხმას ედავება.
პარალელურად, საქალაქო სასამართლოში გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებული სხვა აქტივისტების პროცესები მიმდინარეობს. მოსამართლემ ცოტა ხნის წინ, 2 000 ლარით დააჯარიმა "დროას" წევრი, ნიკო ქვაცაბია.
დღესვე, მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ, 17 წლის არასრულწლოვანს, რომელიც მიმდინარე აქციების დროს პარლამენტში ცეცხლწაკიდებული ნივთის სროლის ბრალდებით დააკავეს, პატიმრობიდან გაათავისუფლა. მოზარდი მეთვალყურეობისთვის მშობელს გადაეცა.
საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნული იყო მსახიობ გიორგი ბახუტაშვილის პროცესი, თუმცა ის 23 დეკემბრამდე გადაიდო.