
იურისტი და საიას ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ "საჯარო სამსახურებში დეპარტამენტის უფროსებს და მათ მოადგილეებს კანონით არა მხოლოდ სახელმწიფო ენის ცოდნა არ მოეთხოვებათ, არამედ არც საქართველოს მოქალაქეობა".
"რეალურად "ქართული ოცნების" მომზადებული ცვლილება იმაზე მეტად მავნებლურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა, რადგან პირველადი სტეუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებზე უგულვებელყოფს როგორც სახელმწიფო ენის ცოდნის, ასევე საქართველოს მოქალაქეობის ქონის პრინციპსაც. საქმე ისაა, რომ ეს პირები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულად ჩაითვლებიან და მათზე არ გავრცელდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, რომელიც ადგენს შემდეგ მოთხოვნებს: საქართველოს მოქალაქეობა; ქმედუნარიანობა; სახელმწიფო ენის ცოდნა; სრულწლოვანება; მოხელის სერტიფიკატი.
ეს ცვლილება ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ თანამდებობის პირზეა დამოკიდებული, დაასაქმებს თუ არა საქართველოს მოქალაქეს, სახელმწიფო ენის მცოდნეს თუ ა.შ. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, სპეციალურად ქნეს ეს თუ გაეპარათ (ქოცებს ვერაფერს დავუფიცავ), თუმცა ფაქტია, საჯარო სამსახურში შუალედურ მენეჯერულ რგოლში შეიძლება მივიღოთ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც არ იციან სქხელმწიფო ენა", - წერს სიმონიშვილი Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საჯარო სამსახურებში დასაქმებულებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება - ცვლილებები "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შედის. უფრო კონკრეტულად, საჯარო დაწესებულებების მენეჯერებისა და მათი მოადგილეებისთვის სახელმწიფო ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება, რადგან ისინი აღარ იქნებიან მოხელეები (ავტომატურად ჩაითვლებიან ხელშეკრულებით დასაქმებულებად).