საქსტატის განცხადებით, 2024 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 24 855 700 000 ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11.0 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წლის III კვარტალში 4.3 პროცენტით განისაზღვრა.
2024 წლის მესამე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა (30.9 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (32.8 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (11.0 პროცენტი), განათლება (35.6 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (22.9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (14.7 პროცენტი). კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-4.9 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-13.6 პროცენტი).
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.4 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (9.7 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.3 პროცენტი), მშენებლობა (8.7 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.4 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (6.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.2 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.9 პროცენტი).
მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე. წლიური გამოკვლევის შედეგები, როგორც წესი, განსხვავდება კვარტალური გამოკვლევის მონაცემებისგან. შესაბამისად, აუცილებელი ხდება კვარტალური მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტება წლიური გამოკვლევის მონაცემების გათვალისწინებით. გასული წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ, იმავე წლის ოთხი კვარტალის მაჩვენებლების დაზუსტებასთან ერთად ხორციელდება მიმდინარე წლის პირველი და მეორე კვარტალების მაჩვენებლების გადაანგარიშებაც. 2025 წლის ნოემბერში 2024 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ, საბოლოოდ დაზუსტდება 2024 წლის კვარტალური მაჩვენებლები.
შენიშვნა: დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2025 წლის 14 ნოემბერს.
მშპ ყველა იმ საბოლოო საქონლისა და მომსახურების საბაზრო ღირებულებაა, რომელიც იწარმოება ქვეყნის შიგნით დროის მოცემულ პერიოდში. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ქვეყნის ცხოვრების სტანდარტის ერთ-ერთი ინდიკატორი