სასტუმრო სექტორის დავალიანება სადისტრიბუციო სექტორის მიმართ 25 მლნ ლარამდეა - რაც კორონოკრიზისითაა განპირობებული. ამას ემატება საბანკო ვალდებულებებიც, რაც ორივე სფეროს ფუნქციონირებას კიდევ უფრო ართულებს. „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი“, ივა ჭყონია ამბობს, რომ ვალის მიზეზი დაკეტილი ობიექტებია.
„დავალიანება, ძირითადად, იმითაა გამოწვეული, რომ დაიკეტა ობიექტები და დარჩათ ჩვენ მიერ მიწოდებულ პროდუქციაზე გადასახდელი თანხები. არის შემთხვევები, როდესაც ერთი კომპანიის დავალიანება ნახევარ მილიონ ლარსაც აღწევს.„ეს ინფორმაცია ჩვენ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ თანადამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა, მოგვაწოდა.“, - ამბობს ივა ჭყონია "მთავართან" საუბრისას.
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ, ოთხ ბიზნეს გაერთიანებასთან ერთად, მთავრობას ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციები მიაწოდა, რომელიც საშემოსავლო გადასახადის 6 თვით შეჩერებას და დღგ-ს გადახდის ვალდებულების გადავადებას გულისხმობდა, თუმცა სახელმწიფომ, ივა ჭყონიას თქმით, ეს არ გაითვალისწინა.
„ჩვენ ვცდილობდით, აგვეხსნა მთავრობისთვის, რომ დისტრიბუტორები, მწარმოებლები და იმპორტიორები არ შეიძლება, ცალ-ცალკე იყოს განხილული. ჩვენ სასტუმრო ბიზნესის განუყოფელი ნაწილი ვართ, რადგან სასმელი და საკვები პროდუქტების გარეშე ისინი ოპერირებას ვერ შეძლებენ. საბრუნავ კაპიტალში დახმარების გაწევის გარეშე ჩვენც გაგვიჭირდება მუშაობა. ამიტომ შევთავაზეთ მთავრობას, რომ საშემოსავლო გადასახადი დროებით შეეჩერებინა და დღგ რეალიზაციის შემდგომ გადაევადებინა“ - გვითხრა ივა ჭყონიამ.
ჭყონიას თქმით, მოთხოვნები იმპორტიორი კომპანიებისა და მწარმოებლებისათვის საბრუნავ კაპიტალს გააჩენდა, თუმცა რადგან სახელმწიფომ ბიზნეს სექტორის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა, ამ დროისთვის უცნობია, როდის ან როგორ გააგრძელებენ სექტორის წარმომადგენლები ქვეყანაში ოპერირებას ან საწყსის ნიშნულთან დაბრუნებას.