საპროტესტო და შემოქმედებითი გამოხატვის უკანონო შეზღუდვის კიდევ ერთი საგანგაშო მაგალითი - ასე აფასებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ,,გორელ ფოტოგრაფთა კლუბისათვის“ სივრცის დახურვის გადაწყვეტილებას.
"ა(ა)იპ „გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ მიერ 2024 წლის 16 ნოემბერს გახსნილი იქნა კოლაბორაციული გამოფენა, რომელიც იყო რეფლექსია მიმდინარე პროტესტებზე და აერთიანებდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე პროტესტის მონაწილეების მიერ გამოყენებულ ფრაზებს.
აღნიშნულის შემდეგ, 5 დღეში, გორის მუნიციპალიტეტმა ორგანიზაციას გაუგზავნა წერილი უზუფრუქტის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ხოლო 2024 წლის 16 დეკემბერს უშუალოდ მიმართა საჯარო რეესტრს ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ.
მერიის არათანმიმდევრული პოზიცია ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით ცხადყოფს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების რეალური მიზეზი თავისუფალი სახელოვნებო გამოხატვის სივრცის დახშობაა. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის თავდაპირველ მიზეზად მუნიციპალიტეტის საჭიროება, შემდეგ უზუფრუქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის გამხოლოება, რამდენიმე დღეში კი ახალგაზრდებისთვის ინოვაციური ცენტრის მოწყობა სახელდებოდა.
აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით, ხოლო შემოქმედების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცულ ადამიანის ძირითად უფლებებს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტის მიერ უსაფუძვლოდ, ფიქტიური საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტა, რეალურად კი საპროტესტო გამოხატვის შინაარსის გამო „გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ დასჯა და მათთვის შემოქმედებითი გამოხატვის პლატფორმის წართმევა წინააღმდეგობაში მოდის აღნიშნულ ძირითად უფლებებთან.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მხარდაჭერას უცხადებს ა(ა)იპ - „გორელ ფოტოგრაფთა კლუბს“ და მოუწოდებს გორის მუნიციპალიტეტის მერიას გააუქმოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „გორელ ფოტოგრაფთა კლუბისთვის“ უზუფრუქტის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ." ნათქვამია საიას განცხადებაში.
შეგახსენებთ, გორის მერიამ, მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, საჯარო რეესტრს "გორელ ფოტოგრაფთა კლუბთან" დადებული ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. მერიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საგამოფენო სივრცეში საპროტესტო ინსტალაცია გაკეთდა სახელით: "ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის!".
იხილეთ: