სებ-მა ნოემბერში 124 მილიონი დოლარის ოდენობის უცხოური ვალუტა იყიდა, თუმცა რეზერვები არ გაზრდილა - წერს რომან გოცირიძე და განმარტავს, რომ ეროვნულმა ბანკმა "ხრიკს" მიმართა ლარის კიდევ უფრო გაუფასურების რისკის გამო და კომერციულ ბანკებს 5 პროცენტით მეტი უცხოური ვალუტა გაუყინა. როგორც გოცირიძე წერს, ამით, დეკემბერში რეზერვების მოცულობა გაიზრდება, თუმცა მხოლოდ ქაღალდზე და მოსალოდნელია მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება:
"ეროვნული ბანკის მიერ ტრადიციულად ერთი თვის დაგვიანებით გამოქვეყნებული სტატისტიკით გამოჩნდა, რომ მას ნოემბრის თვეში უყიდია 124 მილიონი დოლარის ოდენობის უცხოური ვალუტა. რას ნიშნავს ეს?:
მიუხედავად იმისა, რომ ნოემბერში დოლარები იყიდეს, რეზერვების მოცულობა არ გაზრდილა. ვალუტის ყიდვა ნიშნავს მიმოქცევაში მეტი ლარის გაშვებას, ანუ ლარის შესაძლო გაუფასურებას. ასეც მოხდა. თუ წინასაარჩევნოდ ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტი იყო ლარის სტაბილურობა ( ფაქტობრივად, ფიქსაცია), რასაც დაახლოებით 700 მილიონი დოლარის რეზერვები შეეწირა, ახლა პრიორიტეტია რეზერვების შევსება, რადგან იგი კრიტიკულ ზღვარს ჩამოსცდა. სამომავლოდ, საგარეო იზოლაციის გამო, ეს პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდება.
დეკემბერში, რომლის სტატისტიკას ეროვნული ბანკი იანვრის ბოლოს გამოაქვეყნებს, ეროვნულ ბანკს უკვე არ ექნება ვალუტის შესყიდვის შესაძლებლობა ლარის კიდევ უფრო გაუფასურების რისკის გამო, ამიტომ, რეზერვების შესავსებად ეროვნულმა ბანკმა სხვა ხრიკს მიმართა, კომერციულ ბანკებს 5 პროცენტით მეტი უცხოური ვალუტა გაუყინა, დაურეზერვა ( ნორმატივი იყო 20 პროცენტი, დეკემბერში კი გახდა 25 პროცენტი). ამით, დეკემბერში რეზერვების მოცულობა კი გაიზრდება, მაგრამ ეს არ იქნება წმინდა რეზერვები, ზრდა მხოლოდ ქაღალდზე გამოჩნდება, რადგან რეალურად, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში გაყინული უცხოური ვალუტა წარმოადგენს ეროვნული ბანკის ვალდებულებას კომერციული ბანკების მიმართ.
ის განცხადებები, რაც უცხოეთში კეთდება ( დახმარებების შეწყვეტა), რეზერვების ადეკვატურ ზომამდე შევსების შანსს გამორიცხავს. პირიქით, მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას უნდა ველოდოთ." წერს რომან გოცირიძე.