რა რაოდენობის ცოცხალი რეპტილია, აქლემი და სირაქლემა შემოვიდა 2024 წელს საქართველოში | სტატისტიკა

გამოქვეყნდა:

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა გარეული ცხოველების კონტრაბანდის თემა.  საიდან და როგორ ხდება ქვეყანაში გარეული ცხოველების უკანონოდ შემოყვანა, როგორ კვეთს აკრძალული საქონელი საზღვარს - ამის შესახებ კითხვები ჯერჯერობით პასუხგაუცემელი რჩება. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით  „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდის, ამ სახეობის ნაწილის ან დერივატის არალეგალური ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი ან ზღვიდან ინტროდუქცია 2-4 წლამდე პატიმრობით ისჯება.  შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში მსგავსი კანონდარღვევა არ დაფიქსირებულა. ბოლო 2 თვის სტატისტიკა კი ჯერ არ გამოქვეყნებულა.

როგორია სხვა ეგზოტიკური ცხოველების კანონიერად შემოყვანის სტატისტიკა.

საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 42 990 აშშ დოლარის ღირებულების 1 ტონა ცოცხალი რეპტილიები შემოვიდა (გველისა და კუს ჩათვლით). ასევე 2024 წლის 11 თვეში 33 180 აშშ დოლარის ღირებულების ცოცხალი თუთიყუშისებრნის (თუთიყუშების, არასა და კაკადუს ჩათვლით) იმპორტი განხორციელდა, რომელთა საერთო წონამ 120 კგ შეადგინა. იმპორტირებული მტაცებელი ფრინველების საერთო ღირებულება 8 380 აშშ დოლარია. წონა კი 30 კგ.  მიმდინარე წელს ქვეყანაში შემოვიდა 4 470 აშშ დოლარის ცოცხალი სირაქლემები,ემუ, რომლის საერთო წონად 60 კგ-ია მითითებული. რაც შეეხება ცოცხალი აქლემებისა და აქლემისნაირნის რაოდენობას, ის ქვეყანაში იმპორტირდა 750 აშშ დოლარის 750 კგ წონის.

საქსტატის მონაცემებში რაოდენობა მითითებული არაა, თუმცა მტაცებელი ფრინველების წონის გათვალისწინებით (6-10კგ), მათი რაოდენობა დაახლოებით 3-5-ია. ზრდასრული აქლემის მასა 500-800 კილოგრამია, სირაქლემას სავარაუდო წონა 50-60კგ სავარაუდოდ ქვეყანაში 1-1 აქლემი და სირაქლემა შემოიყვანეს.

ცოცხალი რეპტილიების შემოყვანა ძირითადად ჩინეთიდან მოხდა, თუთიყუშების ნიდერლანდებიდან, ცოცხალი მტაცებელი ფრინველი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სირაქლემა ბელგიიდან, აქლემი კი რუსეთიდან შემოიყვანეს.

რაც შეეხება ცოცხალი ვეშაპებს, დელფინებს, ზღვის გოჭებს, ლამანტინებს, დიუგონებს, სელაპებს, ზღვის ლომებს და ლომვეშაპებს, საქსტატის მონაცემების თანახმად, ამ ჯგუფის წარმომადგენლების შემოყვანა 2009, 2011 და 2017 წლებში განხორციელდა. 2009 წელს 90 880 აშშ დოლარის 140 კგ  ნიდერლანდებიდან შემოიყვანეს, 2011 წელს 560 000 აშშ დოლარის 1.3 ტონა იაპონიიდან  და 2017 წელს 20 აშშ დოლარის კი  რუსეთიდან, ამ შემთხვევაში წონის სიმცირის გამო ეს ერთეული მითითებული არაა. 

ავტორი: ნინო ზედგენიძე

 

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი