ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის 25 პროცენტი გაუყინა ( ნაცვლად აქამდე მოქმედი 20 პროცენტიანი ნორმატივისა), რამაც რეზერვები ფიქტიურად გაზარდა. წმინდა რეზერვები არ გაზრდილა - წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.
მისივე ინფორმაციით, სებ-ის სტატისტიკით, დეკემბრის თვეში უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობა 324 მილიონი დოლარით გაიზარდა, თუმცა არა იმის ხარჯზე, რომ ბიუჯეტში რაიმე სახის უცხოური დახმარება შემოვიდა. გოცირიძე წერს, რომ ეს არის რეზერვების ფიქტიური ზრდა და განმარტავს:
"ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ გასულ, დეკემბრის თვეში უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობა 324 მილიონი დოლარით გაზრდილა. ნოემბრის თვეში იყო 4, 123 მილიარდი დოლარი, დეკემბერში გახდა 4,447 მილიარდი დოლარი.
რამ გამოიწვია ეს ზრდა-იყიდა ეროვნულმა ბანკმა დოლარები ან ბიუჯეტში შემოვიდა რაიმე სახის უცხოური დახმარება? არა, ასე არ მომხდარა. რაც მოხდა რეზერვების ფიქტიური ზრდაა.კრიტიკულ ზღვარზე დაბლა აღმოჩენილი რეზერვების შესავსებად ეროვნულმა ბანკმა სხვა ხრიკს მიმართა, კომერციულ ბანკებს 5 პროცენტით მეტი უცხოური ვალუტა გაუყინა, დაურეზერვა, ვიდრე მანამდე იყო. ნორმატივი მანამდე შეადგენდა მოზიდული უცხოური ვალუტის მოცულობის 20 პროცენტს, დეკემბერში კი გახდა 25 პროცენტი. ამით, რეზერვების მოცულობა კი გაიზარდა, მაგრამ ეს არ არის წმინდა რეზერვები, მატება მხოლოდ ქაღალდზეა, რადგან რეალურად, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში გაყინული უცხოური ვალუტა წარმოადგენს ეროვნული ბანკის ვალდებულებას კომერციული ბანკების მიმართ.
საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, რაც უკვე დაწყებულია, რეზერვების ადეკვატურ ზომამდე შევსება შეუძლებელია." წერს რომან გოცირიძე.