კომპანია „ზეგ“-ი, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა დაიხურა

გამოქვეყნდა:

კომპანია “ზეგ“-მა, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა ფუნქციონირება შეწყვიტა. მიზეზი, კომპანიის საბანკო ანგარიშების დახურვა გახდა. „ზეგ“-ის წარმომადგენლების თქმით, ეს გადაწყვეტილება მათმა მომსახურე ბანკმა ცალმხრივად მიიღო და ახლა ხელფასებისა და გადასახადების დაფარვის საშუალებაც კი არ ეძლევათ.

შეგახსენებთ, „ზეგ“ ის კომპანიაა, სადაც საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა. ბაჩალიაშვილის სიკვდილის შემდეგ, გამოძიებამ კომპანიის ტექნიკაც დალუქა. 

კომპანიის წარმომადგენლები ორგანიზაციის დახურვას, სწორედ, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს უკავშირებენ.

„ზეგ“-ის იურისტი მთავარ არხთან საუბრისას ამბობს, რომ გამოძიებას არ მიუმართავს ბანკისთვის ანგარიშების დახურვის თაობაზე და არც ბანკისგან მიუღიათ ოფიციალური განმარტება. კომპანიამ მიმართა, როგორც სახალხო დამცველს, ისე ბიზნესს ომბუდსმენს. სახალხო დამცველისგან მიიღეს პასუხი, რომ დაინტერესდებოდნენ, თუმცა ბიზნეს ომბუდსმენი მათ არ გამოხმაურებია.

იურისტის თქმით, კომპანიაში 50-მდე თანამშრომელია დასაქმებული, რომლებიც უხელფასოდ დარჩნენ.

დღეს ბაჩალიაშვილის საქმის ფარგლებში, მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი თბილისის პროკურატურაში მივიდნენ, ისინი გაეცნობიან საქმის მასალებს.

აქვე, მიხეილ რამიშვილი კი გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. ადვოკატები აცხადებენ, რომ თუ პროკურატურა ობიექტურ გამოძიებას არ დაიწყებს, ისინი საქმის დეტალებსა და მტკიცებულებებს გაასაჯაროებენ, რითიც დაამტკიცებენ, რომ ბაჩალიაშვილს სუიციდი არ ჩაუდენია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი