პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ბათუმში თავდასხმის დროს, გიორგი გახარია იყო მარტო და მას თავს 10-მდე პირი დაესხა.
როგორც სიჭინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სასტუმრო "შერატონის" მთელი პერიმეტრი, ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებებით არის აღჭურვილი, რაც სასტუმროს ადმინისტრაციამ ადგილზევე დაადასტურა
"როგორც თქვენთვის კარგადაა ცნობილი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილი ანგარიშსწორებით საჯაროდ დაემუქრა გიორგი გახარიასა და მის გუნდს. გუშინ, გიორგი გახარია იმყოფებოდა ბათუმში, დაკავებული ახალგაზრდების და ჟურნალისტების, რეჟიმის სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად.
ივანიშვილის დავალებით, რომელიც ყველა უღირსი მეთოდით ცდილობს რეჟიმის გადარჩენას, ღამის საათებში, სასტუმრო "შერატონის" ლობიში გიორგი გახარიაზე განხორციელდა ორგანიზებული თავდასხმა. თავდასხმისას, გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩრულად, როგორც ეს მათი ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი.
სასტუმრო "შერატონის" მთელი პერიმეტრი, აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებებით, რაც სასტუმროს ადმინისტრაციამ ზეპირსიტყვიერად ადგილზევე დაგვიდასტურა და მზაობა გამოხატა მათი გამოძიებისთვის გადასაცემად. სამართალდამცავებს უკვე შეუძლიათ ამ დანაშაულის 24 საათში გახსნა, შესაბამისად, ველოდებით გამოძიების შედეგებს. დანარჩენზე ვისაუბრებთ ამის შემდეგ", - განაცხადა სიჭინავამ.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გიორგი გახარიას ბათუმში, ოლიგარქის "დეპუტატი" დიტო სამხარაძე, თანმხმელბ პირებთან ერთად თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმა სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით გადაიყვანეს. მან კლინიკა თავისი ნებით დატოვა. გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული.