"მთელი დღის განმავლობაში ხაზს არღვევდნენ შავებში ჩაცმული ნიღბიანები, ჯგუფად მოდიოდნენ ჩვენკენ და იწყებოდა ჩვენზე ფიზიკური ძალადობა" | ოკმელაშვილის სიტყვა ოლიგარქის სასამართლო პროცესიდან

გამოქვეყნდა:

სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი, რომელსაც ოლიგარქის პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოვიდა. 

მან გაიხსენა ის დღეც, რა დროსაც ის თითქოსდა პოლიციელს თავს დაესხა. 

"სინამდვილეში დღის განმავლობაში პოლიციელები იყვნენ თუ არა ისინი, ვინც ჩვენზე ძალადობდა, მე არ ვიცი, ვინც იქ პოლიციელი იყო, იცავდა წესრიგს და ის ხალხი, ვინც ამ წესრიგს და რიგს არღვევდნენ, გადმოდიოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ თავისთან შედარებით სუსტ დემონსტრანტებს. აქედან გამომდინარე მე გამიჩნდა განცდა, რომ უნდა დავიცვა ეს ხალხი, ვინცაა ჩემზე სუსტი და ის პოლიციელი იყო თუ მოძალადე, პირობითად, ნინძა, რომელიც დემონსტრანტებს ძვლებში ამტვრევდა და ძვლებში ამტვრევდა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

თუ იმ ვიდეოებს ნახავთ, დაინახავთ, რომ მთელი დღის განმავლობაში ხაზს არღვევდნენ შავებში ჩაცმული ნიღბიანი ადამიანები, ჯგუფად მოდიოდნენ ჩვენკენ და იწყებოდა ჩვენზე ფიზიკური ძალადობა. ისევ უკან წავიდოდნენ, ვიღაც ჩვენიანს წაიყვანდნენ, დემონსტრანტს ვგულისხმობ და შემდეგ იქ ათმაგად უსწორდებოდნენ. ამ ჯაჯგურში, ხელისკვრაში მოხდა ალბათ ის ფაქტი, რასაც პროკურორი ეძახის ჩუმად მიპარვას და თავდასხმას. ეს არის ჩემი პოზიცია", - განაცხადა ოკმელაშვილმა პროცესში სიტყვით გამოსვლის დროს.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული, სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის, რეჟისორ გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 24 იანვარს გამოცხადდება.

გიორგი ოკმელაშვილი გასული წლის 15 მაისს დააკავეს. მას 2024 წლის 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებიან. უკვე 17 მაისს სასამართლომ ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი