"მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი და საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი პარტია "საქართველოსთვის" ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ უფრო მეტი სახელმწიფო მოხელე "ქართული ოცნების" რეპრესიულ რეჟიმზე უარს იტყვის.
"როგორც შიშობდნენ, "ქართული ოცნების" რეჟიმი გააძლიერებს ძალადობრივ რეპრესიებს. იმედი მაქვს, უფრო მეტი ადამიანი მთავრობაში, სახელმწიფო ინსტიტუტებში, შსს-ში, სამხედროებში უარს იტყვის ამ რეჟიმზე და შეუერთდებიან დემოკრატებს. ეს მოხდა სხვა ქვეყნებში - პოლიციელები და სამხედროები დემონსტრანტების მხარეს გადასულან", - წერს თორნტონი X-ზე.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გიორგი გახარიას ბათუმში, ოლიგარქის "დეპუტატი" დიტო სამხარაძე, თანმხმელბ პირებთან ერთად თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმა სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით გადაიყვანეს. მან კლინიკა თავისი ნებით დატოვა. გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული.