"მოქალაქეებმა პოლიციას იდენტიფიცირების შესაძლებლობა მისცეს და ნიღბები მოიხსნეს, თუმცა მაინც დააკავეს" | SJC თემქის პოლიციასთან მომხდარზე

გამოქვეყნდა:

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" დღეს, თემქის პოლიციასთან მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი მეთოდებით დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოითხოვს, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული პირები,  საზოგადოებას შესაბამისმა ორგანოებმა მიაწოდონ ინფორმაცია დაკავებულების ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის შესახებ და გამოიძიონ პოლიციის მიერ ძალის გადამეტების და შეკრების მონაწილეების მიმართ ფიზიკური ძალადობის შემთხვევები.

"როგორც საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, მარშის მონაწილეებს პოლიციამ მათ იდენტიფიცირების მიზნით ნიღბების მოხსნა მოსთხოვა. მოქალაქეებმა პოლიციას საკუთარი თავის იდენტიფიცირების შესაძლებლობა მისცეს და რამდენიმე წუთით ნიღაბი მოიხსნეს, თუმცა შსს-ის წარმომადგენლებმა ისინი მაინც დააკავეს. მომიტინგეების დაკავებას წინ უსწრებდა მოქალაქეების შეძახილი, რომ ისინი დაუმორჩილებლობას უცხადებდნენ პოლიციურ რეჟიმს. აღსანიშნავია, რომ ნიღბების გამოყენება, ისევე როგორც დაუმორჩილებლობების შეძახილები შეკრების შინაარსის და მისი გზავნილის არსებითი ნაწილი იყო. დაუმორჩილებლობის შესახებ ვერბალური შეძახილები არ გულისხმობდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიმართ და წარმოადგენდა რეპრესიული კანონებისა და საპოლიციო პრაქტიკის წინააღმდეგ მიმართულ სიმბოლურ აქტს, რომელიც დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით. ამას ადასტურებს ისიც, რომ შეკრების მონაწილეებს პოლიციისთვის არ გაუწევიათ წინააღმდეგობა მათი იდენტიფიცირების პროცესში და მათი მითითება შეასრულეს." ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

მათივე განცხადებით, სახის დაფარვის ბლანკეტური აკრძალვა, რა ფორმითაც ეს “ქართული ოცნებამ” დააწესა, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს (მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს), რადგან ის პროტესტის ფორმისა და შინაარსის შეზღუდვის თვითნებურ საფუძველს ქმნის და არ უშვებს გამონაკლისებს. 

"მოქალაქეების გამოხატვის ფორმების კონტროლისა და თვითნებური აკრძალვების დაწესება კიდევ უფრო დაუსაბუთებელია იმ ფონზე, როცა შეკრებების დარბევისა და დაკავების დროს პრაქტიკულად ვერ ხერხდება სამართალდამცავების იდენტიფიცირება სწორედ ნიღბების ქონისა და მაიდენტიფიცირებელი ნომრების არ არსებობის გამო. “ქართული ოცნების” მიერ მართული და შეწყნარებული ე.წ. “ტიტუშკები” კი სწორედ ნიღბებში ძალადობენ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებზე და ჟურნალისტებზე." - აცხადებს SJC.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი  აღნიშნავს, რომ თემქის პოლიციასთან სამართალდამცავებმა აშკარად არაპროპორციულად გამოიყენეს დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალა:

"როდესაც პოლიციელთა სიმრავლის გამო მოქალაქეს წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა ისედაც არ აქვს, ძალადობრივი ფორმით განყოფილებაში შეყვანა და მისთვის დაზიანებების მიყენება წარმოადგენს ძალის გადამეტებას. ამ დრომდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომლის მანდატიც სწორედ საპოლიციო ორგანოების მიერ ძალის გადამეტებაზე რეაგირებას გულისხმობს, მომხდარზე განცხადება არ გაუვრცელებია." ვკითხულობთ განცხადებაში

თემქის პოლიციასთან დღეს 6 ადამიანი დააკავეს,  - რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი, მსახიობი თამარ ჩუმაშვილი, თეატრ "ჰარაკის" მენეჯერი მარიამ პაიჭაძე, კამპანია "ამომრჩევლების" წევრი სონა კალანდაძე, აქტივისტები რომან აკოპოვი და მარიამ გელაშვილი.

მსვლელობა  სახელწოდებით  "პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ!“ - სარაჯიშვილის მეტროდან დაიწყო და თემქის პოლიციამდე მივიდა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი რეჟიმის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებასთან საგანგებოდ მივიდნენ, რომ ოლიგარქის ქმედებები და რეპრესიები გაეპროტესტებინათ; დემონსტრანტებმა რეჟიმის პოლიციას დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს, ნიღბები გაიკეთეს , რის შემდეგაც მათი ძალადობრივი დაკავებები დაიწყო.

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი