საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი კვლავ ყირგიზეთია | მთავარი საექსპორტო-საიმპორტო საქონელი კი მსუბუქი ავტომობილები

გამოქვეყნდა:

2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23 435 300 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 8.0 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი 6 560 400 000 აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 7.8 %-ით), ხოლო იმპორტი 16 874 900 000 აშშ დოლარს (გაიზარდა 8.1 %-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წელს, 10 314 500 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.0 %-ია. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (3 228 400 000 აშშ დოლარი), რუსეთი (2 531 300 000 აშშ დოლარი) და აშშ (2 188 300 000 აშშ დოლარი).

უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1 287 400 000 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (859 900 000 აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (724 500 000 მლნ. აშშ დოლარი).

უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებში პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 2 426 800 000 აშშ დოლარი (მთელი ექსპორტის 37%), მეორეზე ფეროშენადნობები 322 200 000 აშშ. დოლარი (4.9%), მესამე ადგილზე სპირტიანი სასმელები 288 600 000 აშშ დოლარი(4.4%).

2023 წელთან შედარებით 2024 წელს ყველაზე დიდი ცვლილება შემდეგ საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებში დაფიქსირდა : ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატების ექსპორტი გაიზარდა 263.5%-ით. აზოტოვანი სასუქების ექსპორტი შემცირდა 24.9%-ით.

უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორების პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 770 100 000 აშშ დოლარი), აშშ (2 047 300 000 აშშ დოლარი) და რუსეთი (1 849800 000 აშშ დოლარი).

უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებში პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 3 464 500 000 აშშ დოლარი (მთელი იმპორტის 20.5%), მეორე ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 303 000 000 აშშ დოლარით (7.7 %), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 622 900 000 აშშ დოლარით (3.7%).

2023 წელთან შედარებით 2024 წელს ყველაზე დიდი ცვლილება შემდეგ საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებში დაფიქსირდა: საფრენი აპარატების იმპორტი გაიზარდა 293.9%-ით, გამომთვლელი მანქანების და მათი ბლოკების 60.8%-ით. სატელეფონო აპარატები და აპარატები მონაცემების გადაცემისა და მიღებისთვის, სადენიანი და უსადენო კავშირისათვის შემცირდა 11.4%-ით.

რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, 2024 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6 560 400 000 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.8%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.8%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 5.0 %-ით გაიზარდა და 3 007 100 000 აშშ დოლარს გაუტოლდა.

2024 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 72.9 % შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (653 400 000 აშშ დოლარი), თურქეთი (402 500 000 აშშ დოლარი) და ჩინეთი (273 400 000 აშშ დოლარი).

2024 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 321 900 000 აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.7%ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 274 700 000 აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 9.1 %), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები, 250 200 000 აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3 %).

ადგილობრივი ექსპორტი მოიცავს როგორც ქვეყანაში წარმოებული, ისე საზღვარგარეთიდან იმპორტირებული იმ საქონლის ექსპორტს, რომელმაც განიცადა არსებითი სახეცვლილება ან ქვეყნის ფარგლებში გადამუშავების შედეგად მოხდა მისი ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი