"დამაკავეს დგებუაძის ბრძანებით, როცა გაიგო, რომ "ბათუმელების" თანამშრომელი ვიყავი" | ოპერატორს დაკავების შემდეგ, მობილურიდან მასალა წაუშალეს

გამოქვეყნდა:

8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, გამოცემა "ბათუმელების" ოპერატორი გიორგი მურვანიძე მისი დაკავების დეტალებს ახმაურებს. ამბობს, რომ ის საკუთარი ტელეფონით იღებდა აქციის მიმდინარეობას და ჩაწერილი ჰქონდა ბათუმის პოლიციის უფროსთან საუბარი, სადაც ისმის მუქარა და ასევე მისი დაკავების პროცესი.

როგორც მურვანიძე აცხადებს, პოლიციის განყოფილებაში, დაბლოკილ მობილურ ტელეფონში არსებული ყველა ეს ფაილი და პირადი მონაცემი წაშალეს.

„ჩემი დაკავება ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის უშუალო ბრძანებით მოხდა, როცა გაიგო, რომ "ბათუმელების" თანამშრომელი ვიყავი. დაკავების მომენტში ორივე ხელი მაღლა მქონდა აწეული და მობილურით საპროტესტო აქციას ვიღებდი. დგებუაძემ პოლიციის თანამშრომლებს უბრძანა წაერთმიათ ჩემთვის ტელეფონი და წაეშალათ ინფორმაცია. ბრძანების მოსმენისთანავე, ჩემთან მოვიდა რამდენიმე პოლიციელი და ხელების დამტვრევის მუქარით მომთხოვეს მეჩვენებინა რას ვიღებდი და წამეშალა. მოვასწარი ტელეფონის დაბლოკვა და მოგვიანებით გავთიშე ის.

რადგან ჩემი ტელეფონი პოლიციიდანქარხნულ მდგომარეობაში დამიბრუნეს, როგორც ჩანს იმ პერიოდში, როცა ვიმყოფებოდი დროებითი მოთავსების იზოლატორში, შსს-ს თანამშრომლებმა გახსნეს დალუქული ტელეფონი, შეაღწიეს სისტემაში და ინფორმაცია წაშალეს “ თქვა დღევანდელ ბრიფინგზე გურამ მურვანიძემ.

საიას აჭარის ოფისის ხელმძღვანელის, თამარ წულუკიძის თქმით, მათ უკვე მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გენერალურ ინსპექციასა და პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით. იურისტის თქმით,  პირად მონაცემებზე უკანონო წვდომა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.

გურამ მურვანიძე ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან 12 იანვარს დააკავეს და 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მურვანიძემ ფოთის იზოლატორი 21 იანვარს დატოვა

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი