"სერიოზული საფრთხე თავისუფალი მედიის ფუნქციონირებისათვის" | მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ზაზა ოქუაშვილს და გოგი ქურდაძეს, შეწყვიტონ ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც არხის საქმიანობის შეწყვეტისკენაა მიმართული

გამოქვეყნდა:

მედიის ადვოკატირების კოალიცია შეშფოთებას გამოხატავს "მთავარი არხის" გარშემო განვითარებული მოვლენების გამო და მიმდინარე პროცესებს აფასებს, როგორც სერიოზულ საფრთხეს თავისუფალი მედიის ფუნქციონირებისათვის.

როგორც კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ეს ნეგატიური ტენდენცია მიმდინარეობს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ პერიოდში, როდესაც ყოველდღიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მასობრივი ძალადობა და უკანონობა ხორციელდება მედიისა და აქციების მონაწილეების წინააღმდეგ.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ტელეკომპანია "მთავარი არხის" თანამფლობელ ზაზა ოქუაშვილს და დირექტორ გოგი ქურდაძეს, შეწყვიტონ ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ტელევიზიის საქმიანობის გაძლიერების კი არა, არამედ მისი საქმიანობის შეზღუდვის და საბოლოოდ შეწყვეტისკენ არის მიმართული.

"შესაბამისად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიტიკული მედიის მხრიდან პროცესების სრულფასოვანი გაშუქება. 27 იანვარს ტელეკომპანია "მთავარი არხის" განცხადებით, ტელევიზიას შეუწყდა სატელიტური მაუწყებლობა საქართველოს რეგიონებსა და საზღვარგარეთ. ამასთან, იზღუდება მაუწყებლობა საკაბელო ოპერატორების მეშვეობით, რაც პირდაპირ აისახება საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხზე. შეჩერებულია სარეკლამო შემოსავლების მიღება და რეიტინგების მონიტორინგის მომსახურება. განსაკუთრებით პრობლემურია, რომ ჟურნალისტებს შეზღუდული აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ პირდაპირი ჩართვები მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრიდან...

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ კრიტიკულ პერიოდში დაცული იყოს მედიის უფლებები, მათ შორის თქვენი ტელევიზიის თანამშრომლების, რომლებიც არაერთხელ გახდნენ ძალადობისა და თავდასხმის ობიექტები და არ მოხდეს საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხის შემცირება და გაშუქების შეზღუდვა", - წერია განცხადებაში.

 

კოალიციის შეფასებით, კრიტიკული მედიის ფუნქციონირების შეზღუდვა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტული მედიასაშუალების ფუნქციონირებას, არამედ პირდაპირ აზიანებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გაშუქებასა და საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი