გორის მერია შენობიდან კიდევ ერთ ახალგაზრდულ ორგანიზაციას აძევებს

გამოქვეყნდა:

გორის მერია შენობიდან კიდევ ერთ ახალგაზრდულ ორგანიზაციას აძევებს. მიზეზი დიდი ალბათობით, პროევროპულ აქციებში მონაწილეობაა. ,,სფეისი'', რომელიც გორის ციხის ძირში მდებარეობს, განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს: 

"ჩვენთვის, როგორც ქალაქის ერთადერთი თავისუფალი ახალგაზრდული სოციალური სივრცისთვის, განსაკუთრებით რთულია ამ პოსტის დაწერა და ჩვენი ახალგაზრდებისთვის იმის თქმა, რომ სივრცე აღარ გვაქვს.

24 იანვარს ,,გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო’’-მ გამოგვიგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც, 31 იანვრამდე აუცილებლად უნდა გამოვათავისუფლოთ ჩვენ მიერ შექმნილი სივრცე, რადგან ისინი აპირებენ ამ სივრცის დატვირთვას თეატრალური და საგანმანათლებლო პროექტებით.
   
2022 წელს, როდესაც შენობა იჯარის ხელშეკრულებით ავიღეთ, არაფერი არ იყო გარდა ნაცრისფერი კედლებისა, ყველასგან მივიწყებული შენობისა და კიდევ ისეთი რაღაცებისა, რაზეც საჯაროდ საუბარს საკუთარ თავს არ ვაკადრებთ. ნაცრისფერი კედლებისა და მივიწყებული შენობისგან, შევქმენით ყველაზე ფერადი, თავისუფალი, ჩარჩოებს მიღმა მოქმედი ახალგაზრდული სივრცე, სადაც დღის ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ ახალგაზრდას შეეძლო სრულიად უსასყიდლოდ ეთამაშა სამაგიდო თამაშები, წაეკითხა წიგნები, ესაუბრა მეგობრებთან … ერთ დროს ცარიელი კედლები, ახალგაზრდების სახლად ვაქციეთ.
  
ძვირფასო მშობლებო, მადლობა ნდობისთვის, ხშირად გითქვამთ თქვენი შვილებისთვის ,,თუ მანდ ხარ, მშვიდად ვარ’’-ო, ყოველთვის ვგრძნობდით თქვენს გვერდით დგომასა და ნდობას, რომელიც ჩვენს მიმართ გაგაჩნდათ .
 
ძვირფასო მეგობარო მასწავლებლებო, შეუფასებელია თქვენი საქმე, ყოველთვის მიგვაჩნდით ერთგულ მეგობრებად, ჩვენ ყოველთვის გვქონდა თქვენი იმედი, თქვენ კი ყოველთვის იცოდით, მხარდაჭერისთვის ვისთვის უნდა მიგემართათ.
  
ჩვენთვის განსაკუთრებულო, მეგობარო არასამთავრობო ორგანიზაციებო, მადლობა მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომ არა თქვენ, ამ ორი წლის გადატანა მეტად რთული იქნებოდა ჩვენთვის .
  
და ბოლოს, ჩვენთვის ყველაზე განსაკუთრებულებო, ჩვენო იმედო და სიამაყევ, ჩვენო ახალგაზრდებო, მადლობა ყველა წამისთვის, მოგონებისა და ისტორიისთვის, ჩვენ ერთად გავიზარდეთ ამ 2 წლის მანძილზე და თუ თქვენთვის ერთი დღე მაინც გავხადეთ განსაკუთრებული, ე.ი ჩვენ ჩვენი მისია შევასრულეთ, ბევრი ვიბრძოლეთ ერთად, ბევრი თავგადასავალი გამოვიარეთ... ეს არის მხოლოდ თქვენი დამსახურება. სულ ერთი წამით დაფიქრდით და გაიაზრეთ რა მოგცათ ,,სფეისმა’’, რა მოგცათ ერთმანეთმა, რა მოგცათ სფეისის გუნდმა, მიხვდებით რომ თქვენ დიდი ცვლილება განიცადეთ: გაიჩინეთ ახალი ადამიანები, დაძლიეთ დეპრესიები, სახლში ჩაკეტილები, ადაპტირდით საზოგადოებაში, პირველად წახვედით ბანაკში, პირველად დაესწარით ტრენინგს, პირველად აიღეთ რამის გაკეთების ვალდებულება საკუთარ თავზე და ამაში 5 თეთრი არ დაგიხარჯავთ.
  
ახლა ვიხსენებთ და ვხვდებით, რომ ბევრ ორგანიზაციას დავეხმარეთ პირველი ნაბიჯების გადადგმაშიც, მათ ყოველთვის იცოდნენ რომ ჩვენთან, ჩვენი იმედით, შეეძლოთ ნებისმიერ საქმეს მოჰკიდებოდნენ.

ასე და ამგვარად, ჩვენ ჩვენი მისია, ამ შენობაში, პირნათლად შევასრულეთ.

ბევრი ელოდა რომ ამ შენობიდან ჩვენი გასვლით დამთავრდებოდა ყველაფერი, რადგან ეს ადამიანები ვერ იაზრებენ რომ, სფეისი არ არის შენობა და კედლები, სფეისი არის იდეა, ურთიერთობები, მიზნები და იმედები, რომლებიც გაგვაჩნია ყველას ერთად, ჩვენი ახალგაზრდების წყალობით.

ამიტომ, ჩვენ ჯერ ახლა ვიწყებთ, გპირდებით დავბრუნდებით ბევრად ძლიერები, ბევრად მეტი იდეითა და შესაძლებლობით და ყველაზე მეტად გვჯერა, თქვენი მხარდაჭერისა და გვერდში დგომის. 

სფეისი არის ურთიერთობა!" ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში

შეგახსენებთ, გორის მერიამ შენობიდან გააძევა  "გორელ ფოტოგრაფთა კლუბიც". გადაწყვეტილება კი მუნიციპალიტეტმა მას შემდეგ მიიღო, რაც საგამოფენო სივრცეში საპროტესტო ინსტალაცია გაკეთდა სახელით: "ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის!" 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი