ქუთაისის მერიის წინ აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მერიის წინ აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს. სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ტერიტორია ეკუთვნის ხალხს და შესაბამისად, ხალხის სურვილია, მერიასთან კარავი იდგეს. პროცესს თვალყურს სამართალდამცველები შორიდან ადევნებენ.

ქუთაისში 64-ე დღეს, საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.
ქუთაისელები ხელახალ არჩევნებს და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება და დროა, “ოცნებამ” უკან დაიხიოს, რადგან ამის გაკეთება მაინც მოუწევს.

შეკრებილებმა დღეს კიდევ ერთხელ გამოუცხადეს სოლიდარობა მზია ამაღლობელს. მათი თქმით, “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​ აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი