ორჯერ ჩაშლილი ტენდერის შემდეგ თბილისში ახალი ყინულის არენა უტენდეროდ, 29.2 მილიონად ააშენეს

გამოქვეყნდა:

თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის მშენებლობა დასრულდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ყინულის არენის პროექტირება-მშენებლობა 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 29.2 მილიონი ლარით დაფინანსდა.

რა პროცესები უძღოდა წინ ყინულის არენის მშენებლობას.

ყინულის არენის მშენებლობაზე 50-მილიონიანი ტენდერი 2 ჯერ იყო გამოცხადებული, თუმცა ორივეჯერ ჩაიშალა.

  • 2023 წლის ზაფხულში გამოცხადებულ ტენდერზე შეთავაზება სამი კომპანიისგან იქნა მიღებული: ბრიტანია ქონსთრაქშენ-ი, რომელიც პროექტის განხორციელებას 49 მილიონად სთავაზობდა, ამხანაგობა დაგი-ზლატოგრაფ და ამხანაგობა აის პროფეშენალს ენდ პარტნერს, რომელთა შეთავაზება 46 მილიონი იყო.  თუმცა როგორც შესყიდვების სააგენტოს საიტიდან ხდება ცნობილი, სამივე კომპანიამ დისკვალიფიკაცია განიცადა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.
  • შემოდგომაზე მეორედ გამოცხადებული ტენდერი, რომელზედაც წინადადებების მიღება 11-16 ოქტომბრის პერიოდში უნდა მომხდარიყო. უარყოფითი შედეგით დასრულდა. მიღებული იყო ერთი შეთავაზება 50 მილიონად ამხანაგობა დაგი-ზლატოგრაფისგან, თუმცა მანაც ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია განიცადა.

საბოლოოდ ყინულის არენის გამარტივებული შესყიდვით აშენება გადაწყდა. გამარტივებული შესყიდვით ყინულის არენის მშენებლობაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება დადო  შპს "მაქრო ქონსთრაქშენთან", რომლის წარმომადგენელიც ამ პროექტში მიხეილ შავდათუაშვილი იყო. აღნიშნულ კომპანიას 47 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული. პირდაპირი კონტრაქტებით კი 28.5 მილიონი ლარი აქვს მიღებული. კომპანიის დირექტორი სერქან ოზერია, 100%-იან წილს კი ემინ უჩარი ფლობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, უმაღლესი დონის თბილისის ყინულის არენის შენობაში მოეწყო 60 მეტრი 30 მეტრზე ზომის ყინულის მოედანი, 700-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, დასასვენებელი, სამედიცინო, საგრიმიორო და საკონფერენციო დარბაზები, გასახდელები და სველი წერტილები, გათვალისწინებულია სივრცე კაფესთვის - მოედნის პანორამული ხედით და ავტოსადგომი. ყინულის არენა მოემსახურება ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს.

ყინულის არენა დღეს ოლიგარქის მთავრობის წევრებმა და თბილისის მერმა გახსნეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ფესტივალს საქართველო თებერვალში თბილისში, ბაკურიანსა და ბათუმში უმასპინძლებს.  

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი