"ხვალ თბილისის შემოსასვლელი გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაული არ არის" | იურიდიული განმარტება

გამოქვეყნდა:

ხვალ თბილისის შემოსასვლელი გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაული არ არის - წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი ბექა ბასილაია და განმარტავს რატომ: 

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი (სტრატეგიული ობიექტის ბლოკირება) არის ბლანკეტური ნორმა, რაც გულისხმობს, რომ ამ დანაშაულის შემადგენლობის ობიექტური მხარე განსაზღვრულია სხვა ნორმატიული აქტით, მოცემულ შემთხვევაში მთავრობის დადგენილებით, რომლითაც დამტკიცებულია სტრატეგიული ობიექტების ნუსხა;

2. სისხლის სამართლებრივი მიზნებისთვის, მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილებები, სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლში შეტანილ ცვლილებას ნიშნავს. 

3. სისხლისსამართლებრივი მიზნებისთვის, დადგენილებაში შეტანილი ცვლილების ძალაში შესასვლელად საჭიროა იგივე ვადები, რაც  სისხლის სამართლის კანონის ცვლილების ძალაში შესვლას სჭირდება.

4. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,საქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი".

5. მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილება გამოქვეყნდა 31 იანვარს, რაც ნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი მიზნებისთვის მისი გამოყენება დაუშვებელია 15 თებერვლამდე.

ხვალ 2 თებერვალია.

ეს მსჯელობა არ არის კანონების ჩემეული ინტერპრეტაცია, რაც ზემოთ დავწერე აქსიომაა. ანალოგიური შემთხვევაა, პირდაპირ სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე მუხლს რომ დაემატოს ახალი შემადგენლობა, ასეთ დროს ხომ უთუმცაოდ გამოქვეყნებიდან 15 დღიანი ვადა ჩაირთვება ცვლილების ძალაში შესასვლელად ?!

პ.ს. რუსეთის მსახური ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში, ხშირად იურიდიული აქსიომები არ მუშაობს, შსს უკვე დაგვემუქრა, ხვალ მოლთან გზის გადაკეტვის გამო დაგიჭერთო." წერს ბასილაია.

შეგახსენებთ, ხვალ, 2 თებერვალს, თბილისი მოლთან საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. აქციამდე რამდენიმე დღით ადრე,  31 იანვარს ოლიგარქის მთავრობამ სტრატეგიული ობიექტების ნუსხას ავტობანიც დაუმატა.

მთავარი შაბათს | 01.02.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი