
სპეციალური პენიტენციური სამსახური რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ პატიმართან, დავით გუჯეჯიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
უწყების მტკიცებით, ბადრაგის მხირდან მის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. უწყების განცხადებით, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პატიმარი "ვივამედში" გადაიყვანეს, თუმცა მან მკურნალობაზე უარი თქვა და დააბრუნეს N18 სამკურნალო დაწესებულებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გუჯეჯიანი კლინიკაში განმეორებით შეიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. პენიტენციური აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ დ.გ. კლინიკაში თითქოს ნაცემ მდგომარეობაში მიიყვანეს, არის პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა.
"პენიტენციური სამსახური მზაობას გამოთქვამს, გარდაცვლილის ოჯახის წევრის თანხმობის შემთხვევაში, გაასაჯაროოს ყველა არსებული დოკუმენტაცია და ვიდეომეთვალყურეობის სისტემით დაფიქსირებული კადრები, რაც გამორიცხავს დ.გ.-ს მიმართ ჩადენილ რაიმე სახის ძალადობას", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი პატიმრის, დავით გუჯეჯიანის ოჯახი ამტკიცებს, რომ 52 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა სცემეს. ოჯახის თქმით, ეტლით მოსარგებლე გუჯეჯიანი გლდანის ციხეში სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო - ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.