
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის განცხადებით, ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რეგიონებში მანიფესტის მსვლელობას დროებით აჩერებენ.
"ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, დროებით ვაჩერებთ ჩვენი მანიფესტის მსვლელობას გორში და რეგიონებში. თეატრი უსამძიმრებს გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. მათი ტკივილი ყველა ჩვენგანის ტკივილია", - წერს თეატრი.
გუშინ, 15 თებერვალს ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში 5 და 7 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ და დაიღუპნენ.
შემთხვევა იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც რამდენიმე დღის წინ, არალეგიტიმურმა პრემიერმა მშენებლობა დააანონსა და იქ ახლა ტრაქტორები და სამშენებლო ტექნიკაა მობილიზებული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტერიტორია შემოსაზღვრული არ იყო და არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი იდგა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.