2024 წლის IV კვარტალში საქართველოში რძის წარმოებამ 102.5 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.2 პროცენტით ნაკლებია. 2024 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 570.7 მილიონი ლიტრით განისაზღვრა, რაც 2.3 პროცენტით ჩამორჩება 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელს. სოფლის მეურნეობის წინასწარ მონაცემებს "საქსტატი" ავრცელებს.
საქართველოში რძესა და რძის პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია, მაგრამ ქვეყანაში რძის წარმოება ბოლო ათწლეულის მანძილზე თანდათან იკლებს და მზარდი დეფიციტი იმპორტირებული რძის ფხვნილის და სხვა სახის რძის პროდუქტებით კომპენსირდება.
რა ვითარება იყო გასულ წელს რძისა და რძის ფხვნილის იმპორტის მხრივ. "მთავარი არხის" ვებგვერდის მიერ საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე მოძიებული მონაცემების თანახმად, 2024 წელს ქვეყანაში 17 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 14.7 მილიონი ლიტრი რძე შემოვიდა. აქედან IV კვარტალში 5 მილიონის აშშ დოლარის ღირებულების 4.8 მილიონი ლიტრი.
რძის იმპორტი 2024 წელს 6%-ით მეტი იყო ვიდრე 2023 წელს. 2023 წლის განმავლობაში 15 მილიონის აშშ დოლარის ღირებულების 13.9 მილიონი ლიტრი რძე შემოვიდა, აქედან IV კვარტალში 4 მილიონის აშშ დოლარის ღირებულების 3.7 მილიონი ლიტრი.
მთავარი მომწოდებელი ქვეყნების ხუთეული შემოტანილი რძის რაოდენობით, ასე გამოიყურება:
რაც შეეხება რძის ფხვნილს 2024 წელს ქვეყანაში სხვადასხვა სახის 23 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 10 ათას ტონაზე მეტი რძის ფხვნილი შემოვიდა. (მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით - რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით, ფხვნილების, გრანულებისა ან სხვა მყარი სახით). 14 მილიონი დოლარის ბელარუსიდან, 3 მილიონი დოლარის ირანიდან და 2.5 მილიონი დოლარის რუსეთიდან.
გასულ წელს ქვეყანაში ასევე შემოვიდა 316 240 აშშ დოლარის ღირებულების 44.5 ტონა რძე პასტაც, რასაც ნედლი რძის ალტერნატივად იყენებენ. მთავარი ქვეყანა ამ შემთხვევაში ფინეთია.
ავტორი: ნინო ზედგენიძე