2021 წლის ბიუჯეტში დოლარის კურსი 3.29 ნიშნულით განისაზღვრა - რას ნიშნავს ეს?

გამოქვეყნდა:

მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა, რომელშიც დოლარის კურსი 3.29 ნიშნულით განისაზღვრა.

ბიუჯეტის პროექტის მე-4 თავში, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდოს, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილებას მოიცავს, აღნიშნულია, რომ გამოთვლისას გამოყენებულია გაცვლითი კურსები 25 სექტემბრის მდგომარეობით:

1 USD = 3.2897 GEL;

1 EUR = 3.8292 GEL;

1 SDR = 4.6311 GEL;

10 CNY = 4.82 GEL;

100 JPY = 3.12 GEL;

1 KWD =10.7366 GEL;

ამ ბიუჯეტზე დაყრდნობით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები 2021 წელს ლარის კურსის მეტად დაცემასაც პროგნოზირებენ.

„გასული წლების გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ წლის განმავლობაში ლარი ბიუჯეტში წარმოდგენილ ნიშნულზე მეტად ეცემა, 2020 წლის ბიუჯეტში დოლარი 2.98-ით ჩაიდო, მაგრამ სექტემბერში უკვე 3,3 იყო. ამიტომ არაა გამორიცხული, 2021 წელს ეს ნიშნული 3,5-საც მიუახლოვდეს“, - ამბობს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, ივა ჭყონია.

„კურსთან დაკავშირებით პროგნოზი რთულია. გასულ წელს 2.98 იყო განსაზღვრული, მაგრამ, ფაქტია, რომ იმ კურსმა არ გაამართლა და მე მგონია, რომ ნორმალური ხელისუფლება თუ იქნება სათავეში, ამ შემთხვევაში პროგნოზირებადია, რომ 3.29-ის მიდამოებში ველოდოთ ვალუტის კურსის თამაშს“, - ამბობს ეკონომისტი, „რეფორმების გუნდის“ ხელმძღვანელი, ირაკლი ყიფიანი.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, 600 მლნ ლარით მცირდება. ბიუჯეტში COVID-19-ის წინააღმდეგ მიმართული ხარჯის ოდენობა არ არის განსაზღვრული. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, ამის მიზეზი არსებული გაურკვევლობაა:

„ვფიქრობთ, ოქტომბრის თვე და ნოემბრის შუა პერიოდი მოგვცემს იმის ანალიზის საფუძველს, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ 2021 წლის ბიუჯეტში და საბოლოო ვარიანტში ეს ყველაფერი აისახება“, - ამბობს გიორგი კაკაურიძე.

ცნობისთვის:  სებ-მა დღეს ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.1929 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1988 ლარი იყო.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7475 ლარია.

აქვე შეგახსენებთ, სექტემბერში ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად რეზერვიდან 150 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა.

ავტორი: ანა რურუა

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი