იანვარში საქართველოში ნახატების იმპორტი 2 004 058%-ით, ქანდაკებების იმპორტი კი 75 388%-ით გაიზარდა

გამოქვეყნდა:

საქსტატის ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $2 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39.3 %-ით მეტია. აქედან  $404 მილიონი ექსპორტია (გაიზარდა 19.3%-ით), ხოლო $1.6 მილიარდი იმპორტი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 45.5%-ით მეტია, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარში, $1.2 მილიარდი  შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 59.8 %-ია.

ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: აშშ ($362 მილიონი), გაერთიანებული სამეფო ($267 მილიონი) და რუსეთი ($203 მილიონი).

2025 წლის იანვარში უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი ($75 მილიონი). აზერბაიჯანი ($46 მილიონი) და ყაზახეთი ($45 მილიონი).

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა $130 მილიონი, რაც მთელი ექსპორტის 32.2%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები $14 მილიონი (მთლიანი ექსპორტის 3.5%), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები ($14 მილიონი).

სასაქონლო ჯგუფებიდან ყველაზე მეტად გაზრდილია აზოტოვანი სასუქების (55%), ნავთობი და ნავთობპროდუქტების (52%), წყლის (47%) და ოქროს (46%) ექსპორტი.

უმსხვილესი საიმპორტო სამეულში შედის: აშშ ($357 მილიონი), გაერთიანებული სამეფო ($267 მილიონი) და თურქეთი ($173 მილიონი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) სახით, რომლის იმპორტმა $481 მილიონი და მთელი იმპორტის 30% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები $151 მილიონი (იმპორტის 9.4%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები $107 მილიონი (იმპორტის 6.7%).

სასაქონლო ჯგუფებიდან ყველაზე მეტად გაზრდილია ნახატების (2 004 058 %), ქანდაკებების (75 388%) იმპორტი. $228 მილიონის ნახატები (5 ტონა) და $31 მილიონის ქანდაკებები (19 ტონა) აშშ-დან შემოვიდა.  $253 მილიონის ნახატები (1.4 ტონა) და $2 მილიონის ქანდაკებები (5 ტონა) გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა.

არსებული ინფორმაციით, ნახატების და ქანდაკებების იმპორტის რეკორდული ზრდა სანქცირებული ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის მიერ აშშ-დან და ბრიტანეთიდან ქონების შემოტანას უკავშირდება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი