"აი, ფაქტი": სამთავრობო უწყებებს სტიქიის ფონზეც არ შეუწყვეტიათ სარესტორნო ხარჯები | 20- 27 თებერვალს 14 000 ლარის ხელშეკრულებები გაფორმდა

გამოქვეყნდა:

მაშინ, როცა დიდთოვლობის გამო ჩაკეტილი მოქალაქეები მედიკამენტებისა და საკვების გარეშე არიან და შველას ითხოვენ, სამთავრობო უწყებებს სარესტორნო მომსახურების შესყიდვა არ შეუწყვეტიათ - "აი, ფაქტი" დაინტერესდა, რამდენი დახარჯა არჩევნების შემდეგ "ოცნების" ხელისუფლებამ რესტორნებსა თუ სხვა ობიექტებში. ირკვევა, რომ 20 თებერვლიდან 27 თებერვლამდე 14 000 ლარის ხელშეკრულებები გაფორმდა.

  • მაგალითად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს 22-25 თებერვალს ესპანეთიდან და იტალიიდან სტუმრად ჰყავდა ჩამოყვანილი 4 კონტენტ კრეატორი. მათი საქართველოში ყოფნა 7 665 ლარი დაჯდა. აქედან 3 000 ლარი მხოლოდ კვებაზე დაიხარჯა. საინტერესოა, მაღალმთიანი აჭარის მიუვალი სოფლები და უსაშველოდ დარჩენილი მოსახლეობაც თუ იხილეს კრეატორებმა.
  • 1 ნოემბრიდან 27 თებერვლამდე იმ ორგანიზაციებმა, რომელიც ბიუჯეტის ფულით ფინანსდებიან, რესტორნების მომსახურებისთვის გააფორმეს 1 327 250 ლარის შესყიდვა.ზოგიერთ ხელშეკრულებას ვადა მაისის ბოლომდე აქვს, ზოგს – აპრილამდე. ამ ოთხ თვეში კი უკვე დახარჯულია 1 044 173 ლარი. 

რამდენიმე მაგალითი, რისთვის იხარჯება რესტორნებში ფული:

საჩხერის მერიამ 9 ნოემბერს აღნიშნა “საჩხერლობა 2024” და მოწვეული სტუმრებისთვის გაშალა 18 000-ლარიანი სუფრა. 

9 ნოემბერს საჯარო რეესტრის სააგენტომ 19 000 ლარი დახარჯა რესტორან „ბაბილო მუიზიკ ჰოლში“ სისტემური რეგისტრაციის რეფორმისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. 

ნოემბერში ყვარლის მერიას 3 ადამიანი ჰყავდა სტუმრად ლატვიის პატარა ქალაქ ტუკუმსიდან. მერიის წარმომადგენლებმა, ილია ჭავჭავაძის 187 წლის იუბილის აღსანიშნად ეს ხალხი “შატო ყვარელში”, “მეღვინეობა ნეკრესში” და “ყვარლის ღვინის გვირაბში” აქეიფა. დახარჯეს ჯამში 2 942 ლარი.

დეკემბერში ცაგერის მერიამ 3 114 ლარი დახარჯა და სუფრა გაშალა “მწვანე ტბაზე.” სტუმრები იყვნენ გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ცაგერში გაზიფიცირების პროექტის წარსადგენად იყვნენ ჩასული. შეგახსენებთ, რომ ცაგერს გაზი არ აქვს. მოსახლეობას 12 წელია ჰპირდებიან, რომ გაზი ექნებათ. 

1 ნოემბერს ახმეტის მერიამ სუფრით აღნიშნა კოლხური ხოხობის პოპულაციის აღდგენა. მუნიციპალიტეტს ხოხბები საჩუქრად ორგანიზაცია „აგრო ქართუმ“ გადასცა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ცოლს, ეკატერინე ხვედელიძეს ეკუთვნის.

საზეიმო მენიუ 820 ლარი დაჯდა. ვისი სადღეგრძელო შეისმებოდა ამ სუფრაზე, თავად მიხვდით. 

ხაშურის სასპორტო სკოლამ, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, 3 000 ლარის საზეიმო ვახშამი მოაწყო 25 ნოემბერს, ხაშურის საფეხბურთო გუნდ “ივერიის” მეოთხე ლიგაში გადასვლის აღსანიშნავად. ვახშამს ესწრებოდა 47 ფეხბურთელი და ფედერაციიდან ჩასული სტუმრები. 

ანტიკორუფციულმა ბიურომ 7 ნოემბერს 2 926-ლარიანი სუფრა გაშალა რესტორან “წისქვილში”, გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის შეფასების მეორე ციკლის ორგანიზების დასკვნითი ნაწილის ფარგლებში მოწვეული 16 სტუმრისთვის. მენიუში იყო შემწვარი ორაგული ბაჟეში, მოხარშული ხბოს კანჭი ქინძმარში, შემწვარი გოჭი, ორაგულის, ხბოს და ღორის მწვადები. ასევე, 20 ბოთლი წინანდალი და საფერავი – ჯამში, 356 ლარის. 

19 დეკემბერს თეთრიწყაროს საკრებულომ 1 200-ლარიანი სუფრა გაშალა ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩასატარებელ წირვაზე დამსწრე ეპარქიის სტუმრებისთვის. 

2024 წლის დეკემბერში საქართველოს პროკურატურამ მოაწყო თანამშრომელთა წასახალისებელი და დასაჯილოდვებელი ღონისძიება. ჯამში, საკვებზე დახარჯეს 9 350 ლარი. 8 550 ლარის საჭმელი “აგროჰაბიდან” მიტანის სერვისით (ქეითერინგით) იყიდეს, 800-ლარიანი ტორტი კი შპს “ასორტი-ვერესგან.” 

"აი - ფაქტი"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი