დაკავებული ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი ირაკლი პაპიაშვილი, ჩიკვაიძეზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას:
"გუშინ გიორგი გლდანის ციხის კლინიკაში მოინახულა ადვოკატმა. ადვოკატის წამოსვლის შემდეგ, მასთან შევიდა ორი პიროვნება, გაეცნენ როგორც ფსიქოლოგები.
მათ მოშიმშილე პატიმარზე განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა.
მათი საუბრის თემა იყო მისი პოლიტიკური შეხედულებები, რაც არ წარმოადგენს პროფესიონალი ფსიქოლოგების საქმიანობის სფეროს.
ახლა, უკვე ყველაფერი გასაგებია, თუ რატომ არ გადაყავთ გიორგი მრავალპროფილურ კლინიკაში.
გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ არის მძიმე, დიაგნოზი ამ ეტაპამდე არ გვაქვს და ის აგრძელებს შიმშილობას.
ინფორმაცია მოგვაწოდა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა, რომელმაც მოინახულა გიორგი.
ასევე ამ ფაქტთან დაკავშირებით მის მიერ შედგენილია ოქმი." წერს პაპიაშვილი.
გიორგი ჩიკვაიძე პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში 20 მარტს, შიმშილობის მეცხრე დღეს გადაიყვანეს.
ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში 11 მარტს დააკავეს. მოსამართლე იზა კელენჯერიძემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეუცვალა. დაკავებიდან მეორე დღეს ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო.