გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების დღევანდელი მატჩის რეჟისორი კახა მელიქიძე არ იქნება.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელმა მედიასთან განმარტა ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია პირდაპირი ტრანსლაციის სატრანსპორტო საშუალება (რუს:ПТС ინგ:OB VAN), საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს თურქულ კომპანიასთან, რომელიც აკმაყოფილებს UEFA-ს მიერ დადგენილ სტანდარტებს და აღნიშნული კომპანია დამოუკიდებლად ქირაობდა კახა მელიქიძეს.
არსებული ინფორმაციით, კახა მელიქიძის და თურქული კომპანიის თანამშრომლობა თითქმის 5-6 წელია გრძელდება. თუმცა რა გახდა ამჯერად თანამშრომლობაზე უარის თქმის მიზეზი ამასთან დაკავშირებით განმარტება არ გაკეთებულა.
შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის სხდომაზე, რომელიც 3 თებერვალს გაიმართა, რეჟისორმა კახა მელიქიძემ ისაუბრა სამთავრობო ზეწოლაზე, რომელიც პირველი არხის თანამშრომლებზე ხორციელდებოდა. მისი თქმით, თითქმის ერთი წლის მანძილზე, ეროვნული ნაკრების გაზაფხულისა და შემოდგომის თამაშებზე, მისგან ტრიბუნებზე მყოფი ირაკლი კობახიძის ეთერში ხშირად ჩვენებას ითხოვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უეფა თავად არეგულირებს ტრიბუნების ჩვენების წესებს და თავად უეფას წარმომადგენლის მხრიდან იყო დაზუსტებული, რომ მთავრობის ხელმძღვანელის ჩვენება პირდაპირ ეთერში ჰიმნის დროს ერთხელ იყო დაშვებული.