რუსთაველის გამზირზე ცოტა ხნის წინ კიდევ რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. ოლიგარქის პოლიციამ ახალგაზრდა ბიჭი დაკავების მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვა. პარალელურად, ადგილზე ხმაური და დროდადრო დაპირისპირებაცაა. პოლიცია აქციის მონაწილეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. ცოტა ხნის წინ, აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.
დააკავეს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, იქამდე კი 2 ახალგაზრდა გოგო.
მიუხედავად საპოლიციო ძალების წინააღმდეგობისა, უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი დღესაც გადაკეტეს.
ივანიშვილის სამართალდამცველები კი 9 აპრილის ქუჩაზე ჩადგნენ, სავარაუდოდ იმისთვის, რომ თვითგამოცხადებულმა დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობა მშვიდად დატოვონ.
ცნობისთვის, პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოქალაქეებმა დღეს შეკრება 16 საათიდან დაიწყეს. მათი პროტესტის მიზეზი ის "საგამოძიებო კომისიაა", რომელიც ოლიგარქის არალეგიტიმურმა პარლამენტმა შექმნა და თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, ბოლო ორი დღეა 2008 წლის აგვისტოს ომს "იძიებს". საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების მიუხედავად, რომლებმაც ომში დამნაშავედ რუსეთი დაასახელეს, პრორუსი ოლიგარქის რეჟიმი ქართველ გენერლებს კომისიაზე იბარებს და ტუქსავს. უწყვეტი საპროტესტო აქციების მონაწილეები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ "ოცნება" რუსეთის დაკვეთას ასრულებს და კრემლის ინტერესების შესაბამისად, ქართველ სამხედროებს, ქვეყნის დაცვისთვის ასამართლებს.