რუსთაველის გამზირზე ელენე ხოშტარია დააკავეს. მიზეზი უცნობია.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდები დღეს წულუკიანის საგამოძიებო კომისიის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვისთვის შეიკრიბნენ.
მანამდე აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთს ხელში ეჭირა ბანერი წარწერით - "ანწუხელიძე უკვდავია".
რუსთაველის გამზირზე ამ დროისათვის ხმაურია. რეჟიმის პოლიცია მოქალაქეებს ზებრაზე გადასვლის საშუალებასაც არ აძლევს.
ცნობისთვის, პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოქალაქეებმა დღეს შეკრება 16 საათიდან დაიწყეს. მათი პროტესტის მიზეზი ის "საგამოძიებო კომისიაა", რომელიც ოლიგარქის არალეგიტიმურმა პარლამენტმა შექმნა და თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, ბოლო ორი დღეა 2008 წლის აგვისტოს ომს "იძიებს". საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების მიუხედავად, რომლებმაც ომში დამნაშავედ რუსეთი დაასახელეს, პრორუსი ოლიგარქის რეჟიმი ქართველ გენერლებს კომისიაზე იბარებს და ტუქსავს. უწყვეტი საპროტესტო აქციების მონაწილეები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ "ოცნება" რუსეთის დაკვეთას ასრულებს და კრემლის ინტერესების შესაბამისად, ქართველ სამხედროებს, ქვეყნის დაცვისთვის ასამართლებს.