ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლების მიერ 2020 წელს დაკავებული საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს უკანონოდ დააკავა დე ფაქტო ხელისუფლებამ. ამავე წლის 8 დეკემბერს მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბებუას ბრალად სოხუმის დაცემის დღეს ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროშის დაწვა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება ბრალდება. ის "დროშის" დაწვას აღიარებს, საბრძოლო მასალის უკანონო ტარებას კი არა. არსებული ინფორმაციით, ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ირაკლი ბებუას გათავისუფლებას გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
"საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას უკანონოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, თუმცა მისი უკანონო პატიმრობის რეალური ხანგრძლივობა 4 წელსა და 6 თვეს გაუტოლდა.
აღნიშნულ პერიოდში ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და სხვა რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული მოლაპარაკებებისა თუ კომუნიკაციის ყველა სხვა ბერკეტი და ინსტრუმენტი."- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.