ჭიათურელ მაღაროელებთან მიღწეულ შეთანხმებაზე, პროფკავშირები ინფორმაციას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების განცხადებით, ჭიათურის მაღაროებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის ხელფასის 60%-ის დარიცხვა 7 აპრილს დასრულდება. მიღწეული შეთანხმებით კი სააღდგომოდ კიდევ ერთი თვის ხელფასის 60%-ი დარიგდება. 

ამასთან პროფკავშირების განცხადებაში აღნიშნულია, რომ 8 აპრილიდან 3600 თანამშრომელს პროფკავშირების სახელით დაურიგდება სპეციალური ვაუჩერი, რომლის მეშვეობითაც მაღაროელები მიიღებენ პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების ნაკრებს.

"ჭიათურის მაღაროებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის ხელფასის 60%-ის დარიცხვა 4 აპრილს დაიწყო და 7 აპრილს დასრულდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს ჭიათურაში დასაქმებულებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

აქვე, დამატებით გაცნობებთ, რომ მიღწეულია შეთანხმება, სააღდგომოდ კიდევ ერთი თვის ხელფასის 60%-ის დარიცხვასთან დაკავშირებით.

იმ თანამშრომლებს, რომლებიც მოცდენის პერიოდში აგრძელებდნენ მუშაობას, სრულად დაერიცხებათ ხელფასის 100%, ისევე როგორც ხელფასის დარიცხვის პირველ შემთხვევაში.

აქვე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ 8 აპრილიდან 3600 თანამშრომელს პროფკავშირების სახელით დაურიგდება სპეციალური ვაუჩერი, რომლის მეშვეობითაც მაღაროელები მიიღებენ პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების ნაკრებს.

სამმხრივი კომისიის მუშაობის შედეგად უკვე გამოიკვეთა კონტურები მაღაროების შენარჩუნებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ სამმხრივ კომისიასთან არსებული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შესწავლილი იქნება ყველა შესაძლებლობა, რაც უკავშირდება მიწისქვეშა სამუშაოების განახლებას.

პროცესში ჩართულნი არიან ექსპერტები, რომლებიც ადგილობრივ სპეციალისტებთან და საკითხით დაინტერესებულ ჯგუფებთან კომუნიკაციის შედეგად, ჭიათურაში ადგილზე შეისწავლიან მაღაროების გახსნის შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორებს შორისაა შუქრუთის საკითხი, რომელიც ფუნდამენტურ გადაწყვეტას საჭიროებს, რაც გულისხმობს იმას, რომ შუქრუთის მაღაროს გახსნის გარეშე წარმოების განახლება შეუძლებელია.

პროფკავშირები ყოველთვის იქ ვართ, სადაც ჩვენი ხმაა საჭირო — მშრომელების გვერდით!

დღევანდელი გამოწვევების მიუხედავად, ვაგრძელებთ ბრძოლას დასაქმებულთა ღირსეული შრომითი პირობებისა და სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფად. ჩვენმა ძალისხმევამ უკვე კონკრეტულ შედეგს მიაღწია. ამის მაგალითია, ის შეთანხმება, რომლის მეშვეობითაც მაღაროელები, იძულებითი მოცდენის მიუხედავად, ხელფასის 60%-ს მიიღებენ.

ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ადასტურებს, რომ ერთიანობა და თანმიმდევრული მოქმედება შედეგს იძლევა.

ჩვენ ბოლომდე ვიქნებით მაღაროელების გვერდით, ყველა გადაწყვეტილებასა და მოლაპარაკებაში. ჭიათურელი მშრომელებისთვის ღირსეული პირობების შექმნა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ ბრძოლას მშრომელთა ინტერესების დასაცავად," - წერია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების განცხადებაში. 

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი 38 დღეა გრძელდება. 4 აპრილს ორმა მათგანმა შიმშილობაც დაიწყო, თუმცა დღეს მიტროპოლიტ დანიელთან შეხვედრის შემდეგ შეწყვიტეს. დღესვე ისინი ჭორვილაში, ივანიშვილის სახლთან გეგმავდნენ აქციას, თუმცა ისიც გადადეს. 

მაღაროელების მოთხოვნაა, სახელმწიფო ჩაერთოს მათი პრობლემების მოგვარებაში, ასევე ითხოვენ შეხვედრას "ოცნების" მთავრობასთან; ინვესტორის წასვლასა და სამუშაოებზე პასუხისმგებლობის სახელმწიფოს მიერ აღებას; მარგანეცის გატანიდან მიღებული შემოსავლის ნაწილით ფონდის შექმნას ჭიათურის მომავალი თაობის განვითარებისათვის; ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში უფასო შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას, რომელიც მოსახლეობას მოემსახურება; ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად ღია კარიერული წესით მოპოვების გაკონტროლებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი