ადვოკატის, გიორგი ტაბატაძის განცხადებით, მან გუშინ, რუსთაველის გამზირზე დაკავებული 3 ახალგაზრდა იზოლატორში მოინახულა და ისინი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, დაკავებულები სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმაც მოინახულა და სავარაუდო ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
"გამოვედი იზოლატორიდან. სამივე ადმინისტრაციულად არის დაკავებული 166-173 მუხლებით. თავს კარგად გრძნობენ. ვატო სამხარაძეს აღენიშნება სიწითლეები სახეზე და ტუჩი აქვს გახეთქილი. ტანსაცმელიც დაზიანებული აქვს. დაზიანებები მიიღო პოლიციის მხრიდან დაკავების დროს. რეზი დუმბაძეს ის პოლიციელი დაემუქრა და შეაგინა, რომელმაც ადრე დააკავა და მასზე და სხვა დაკავებულებზე იძალადა. რეზის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ამჯერად ადგილი არ ჰქონია. (ვინც ემუქრებოდა, სავარაუდოდ, ის პოლიციელია - გოგო რომ დააყენა მუხლებზე და ავიწროებდა) თაზო კვესელავა კარგად გრძნობს თავს. ხილული დაზიანებები არ აღენიშნება. დაკავებულები მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. მუქარასთან და სავარაუდო ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს", - წერს ტაბატაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტთან 3 ახალგაზრდა დააკავეს.