პროპაგანდისტული "იმედის" მფლობელი, "ოცნების" ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვის სურვილს ადასტურებს.
როგორც ბანკის მეწილემ BM.ge-თან განაცხადა, მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც „ბაზის ბანკთან“, ისე სხვა ბიზნეს-ჯგუფებთან. ამასთან, ის არც სხვა "პატარა ბანკის" შეძენას და ბაზარზე გამსხვილებას არ გამორიცხავს.
ადასტურებთ, რომ ამ ეტაპზე თქვენს ჯგუფს „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვა გსურთ?
- ამ ეტაპზეც მსურს, შარშანაც და შარშანწინაც მსურდა და ორი წლის მერეც გვენდომება...
გაგიკვირდებათ, მაგრამ ვიღაცას ყიდვაზეც ველაპარაკებით ანუ მე ღია ვარ გაყიდვაზეც და შეიძლება, ვიღაც ჩემზე პატარა ბანკიც ვიყიდო... მოკლედ, ვიღაცას ველაპარაკები მათ ყიდვაზე და „ბაზისბანკის“ გარდა კიდევ ორს - „ლიბერთის“ გაყიდვაზე. ზეგ მექნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ზარი ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან, რომელთანაც ჯერ არ მილაპარაკია და როგორც მითხრეს, მათაც "ლიბერთის" ყიდვა აინტერესებთ...
[...]
ხომ არ უკავშირდება „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვის საკითხის გააქტიურება თქვენი დასანქცირების რისკებს?
- არა, რა თქმა უნდა... ჩემი ყველა კომპანია აბსოლუტურად დაცულია სანქციებისგან. მე რომ დამასანქცირონ, მაინც დაცულია ჩემი ყველა კომპანია, მაგრამ სანქციები არ მემუქრება და არც მადარდებს, თორემ აქამდე გავყიდიდი ჩემს აქტივებს..." ამბობს რუხაძე.