ვაკის პარკის 7-წლიანი რეაბილიტაცია და 80 მილიონამდე გაზრდილი ხარჯი | მორიგ ტენდერში მხოლოდ კომპანია "დაგი" მონაწილეობს

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის მიერ ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 47-მილიონიან ტენდერში შეთავაზება მხოლოდ ერთი პრეტენდენტისგან არის შესული. კომპანია „დაგი“ სამუშაოების შესრულებას დედაქალაქის მთავრობას 31 870 000 ლარად სთავაზობს. ტენდერი ამჟამად შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.  პროექტი მოიცავს პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის სრულ რეაბილიტაციასა და რეკონსტრუქციას.

ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე მუშაობა  2019 წელს დაიწყო და 19-მილიონიანი ბიუჯეტით 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მეხუთე წელია რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს და მთლიანობაში ხარჯი სავარაუდოდ 80 მილიონს მიაღწევს, რეაბილიტაცია კი 2027 წელს დასრულდება.

როგორ ვითარდებოდა ტენდერების ისტორია

კომპანია დაგი ვაკის პარკის რეაბილიტაცაში პირველად არ მონაწილეობს.  2020 წლის ზაფხულში ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 19-მილიონიან ტენდერში კომპანია დაგიმ თავისი 17-მილიონიანი შეთავაზებით გაიმარჯვა 2021 წელს კომპანია აცხადებდა , რომ პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდა საპარკე ავეჯი, საფეხმავლო და ველობილიკები. მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, ამფითეატრი, ფანჩატურები, საპიკნიკე ზონა მაგიდებითა და სკამებით, საზოგადოებრივი საპირფარეშოები, სასმელი წყლის შადრევნები და ცხოველთა სასეირნო მოედანი, ახალი სარწყავი, სანიაღვრე, წყალარინებისა და ელექტროობის სისტემები; ცენტრალურ ჩამოსასვლელთან პირვანდელი სახით აღდგა ისტორიული შადრევანი; დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე, სრულად განახლდა მცენარეული საფარი.

2021 წლის შემოდგომაზე ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის 13-მილიონიან ტენდერში 12 მილიონიანი შეთავაზებით გაიმარჯვა „გრინსერვისი+“ -მა

2022 წლის ოქტომბერში თბილისის მერია აცხადებდა, რომ ვაკის პარკის მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარი იყო. ჯამში, კი ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩათვლით, 33 000 000 ლარი დაჯდა.

2022 წლის 12 ოქტომბერს,  რეაბილიტირებული ვაკის პარკი საზეიმოდ გახსნა ქალაქის მერმა. 13 ოქტომბერს კი ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად  13 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მიზეზი შადრევნის განათების უხარისხოდ გაკეთებული ელექტროგაყვანილობა გახდა. ამ ტრაგედიის გამო რვა ადამიანი დააკავეს.

მორიგი ტენდერი 2025 წლის მარტის თვეში გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 47 მილიონი ლარია. დაფინანსების წყარო: 2025-2026-2027 წლების თბილისის ბიუჯეტის სახსრები. 2025 წელი - 10 000 000 ლარი; 2026 წელი - 18 000 000 ლარი; 2027 წელი - 19 000 000 ლარი.

შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის სავარაუდო ვადად  დაახლოებით 3 წელია განსაზღვრული. პროექტის-ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 270 კალენდ. დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით), სამშ. სამუშაოების-ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 760 კალენდ.დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით).

ტენდერის ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად:

  • არსებული კასკადი და შადრევნები უნდა აღდგეს პირვანდელი ვიზუალით.
  • უნდა შეიქმნას დეტალური სამშენებლო დოკუმენტაცია საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების დაცვით.
  • პროექტი ასევე უნდა მოიცავდეს ზოგად ინსტრუქციებს და რეკომენდაციებს ობიექტის ექსპლუატაციისთვის.
  • პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს საპროექტო ტერიტორიის რელიეფის თავისებურებები,
  • ტერიტორია დაპროექტებული უნდა იყოს საქართველოში არსებული უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
  • პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების სამშენებლო მასალების გამოყენება.
  • საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს როგორც გარე, ასევე შიდა საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობის პროექტებს: წყალმომარაგება-კანალიზაცია, ელექტრომომარაგება, სადრენაჟე სისტემა და ა.შ.
  • პროექტს უნდა ახლდეს ტექნოლოგიური ნაწილი და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც უნდა იქნას წარმოდგენილი როგორც ლოკალურ-რესურსული, ასევე გამარტივებული სახით.
  • საჭიროა ეფექტურად განხორციელდეს შადრევნების კასკადისა და აუზების ჰიდროიზოლაცია. დამონტაჟდეს ელექტრო დამზოგველი განათების სისტემა და შესაბამისი სპეციფიკაციების მქონე ტუმბოები.

ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს უნდა გააჩნდეთ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მინიმუმ 26 მილიონი ლარის ღირებულების რეკრეაციული ტერიტორიების მოწყობის, რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის გამოცდილება. ამასთან, ერთ დასრულებულ პროექტში არანაკლებ 7 850 000 ლარის სამუშაოების გამოცდილება უნდა ჰქონდეთ, ხოლო შადრევნების მოწყობის, რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის კუთხით არანაკლებ 1 000 000 ლარის გამოცდილება უნდა წარადგინონ.

შერჩეულმა კომპანიამ შესრულებული სამუშაოების (მათ შორის დეკორატიული სანათების) საგარანტიო პერიოდი მინიმუმ 2 წლის ვადით უნდა უზრუნველყოს.

ავტორი: ნინო ზედგენიძე

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი