CMC: ჭიათურაში, სამთო წარმოება ან გაიხსნება ახალ წესებზე დაფუძნებული მოდელით – ან საერთოდ ვერ აღდგება; შეწყვიტეთ პიკეტირება

გამოქვეყნდა:

ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა.  წარმოების განახლების პროცესს მაღალკვალიფიციური მენეჯერი მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს, რომელიც წლების განმავლობაში  ურთულეს სამთო ტექნოლოგიურ პროექტებს მართავდა - ინფორმაციას ამის შესახებ Chiatura Management Company ავრცელებს და წერს, რომ სოცკი მოწვეული იყო სამმხრივი კომისიის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფში ექსპერტის სტატუსით და მისი აქტიური მონაწილეობით შემუშავდა სტაბილურობასა და ეფექტიანობაზე გათვლილი ჭიათურის მაღაროების გახსნის  გეგმა.

კომპანიის ინფორმაციით, ახალმა ხელმძღვანელმა უკვე გამართა გაცნობითი სამუშაო შეხვედრა ჭიათურის საწარმოების მენეჯერებთან.

შემუშავებული გეგმის მიხედვით კი წარმოების აღდგენა განხორციელდება მხოლოდ რეორგანიზაციის პირობებში. ამავე დროს, კომპანია აცხადებს, რომ პიკეტირების პირობებში წარმოების აღდგენა შეუძლებელია. 

"ეს ნიშნავს, რომ ცვლილებები შეეხება ყველა რგოლს, როგორც ტექნიკურ პერსონალს, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლებს.  სწორედ ეს არის ერთადერთი გზა მომგებიანი, სტაბილური და უსაფრთხო ოპერირების დასაბრუნებლად. ყველა თანამშრომელი დეტალურად ინფორმირებული იქნება დაგეგმილი ცვლილებების შესახებ და მათთან კომუნიკაცია გამჭვირვალედ და ეტაპობრივად წარიმართება.
ამავე დროს, რეორგანიზაციის პარალელურად დაიწყება დახურული მაღაროების ტექნიკური ინსპექტირება. თითოეული მაღაროს შესწავლის შემდეგ დაიწყება აღდგენა - გადამაგრებითი სამუშაოები.
კომპანიის პოზიცია უცვლელია – პიკეტირების პირობებში წარმოების აღდგენა შეუძლებელია.
კომპანია გადაჭრით აცხადებს: ჭიათურაში სამთო წარმოება ან გაიხსნება ახალ წესებზე დაფუძნებული მოდელით – ან საერთოდ ვერ აღდგება.
ამ პროცესის დაწყება შეუძლებელია მაღაროების ბლოკირების პირობებში. ადგილობრივი ჯგუფების მიერ მაღაროები უკვე ერთ წელზე მეტია პარალიზებულია. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებში, საიდანაც კომპანია მადნის 70%-ზე მეტს მოიპოვებდა – ამ მოცულობის დანაკარგი პირდაპირ აზიანებს როგორც კომპანიას, ასევე საფრთხეს უქმნის რეგიონს .
მოვუწოდებთ ადგილობრივ ჯგუფებს, შეწყვიტონ პიკეტირება და ხელი არ შეუშალონ ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენას." ნათქვამია განცხადებაში. 

Chiatura Management Company-ს ამ პოზიციას ჭიათურელი მაღაროელები აპროტესტებენ. დღეს ახალი მენეჯმენტის წარმომადგენელი აქციის მონაწილეებთან იყო მისული, თუმცა ის ადგილიდან გააძევეს. როგორც მაღაროელები ამბობენ, მათ აფრთხილებენ, რომ თუ ახალი მენეჯმენტის პირობებს არ დათანხმდებიან, საერთოდ სამსახურების გარეშე დარჩებიან. დასაქმებულები ითხოვენ, რომ წიაღისეულის მოპოვება კომპანიისგან სახელმწიფომ გადაიბაროს.

“ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესი გასული წლის ნოემბრიდან სრულად შეაჩერა. 7 მარტს Chiatura Management Company-მ განაცხადა, რომ “ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი