"როცა გავძახე, მითხრეს, მეზობელი ვარო. მერე გავხედე და 4 კაცი ვნახე - აინტერესებდათ ტელეფონი. დედაჩემის და ჩემი ძმის საერთო ლეპტოპიც წაიღეს" | პროკურატურამ მარიამ ბაჯელიძის სახლი დატოვა

გამოქვეყნდა:

პროკურატურის წარმომადგენლებმა მარიამ ბაჯელიძის სახლი დატოვეს. აღსანიშნავია, რომ ადვოკატი ბაჯელიძის სახლში ცოტა ხნის წინ მივიდა. მანამდე, აქტივისტი უფლებადამცველის დალოდებას ითხოვდა, თუმცა გამომძიებლებმა ადვოკატის დალოდებაზე და ჩხრეკის შემდგომ დაწყებაზე უარი განაცხადეს.

როგორც ბაჯელიძემ აღნიშნა, თავდაპირველად პროკურატურის წარმომადგენლებმა, მას უთხრეს რომ მეზობლები იყვნენ, თუმცა მოგვიანებით დაუდასტურეს, რომ საგამოძიებო უწყებას წარმოადგენდნენ და სახლში შემოსვლის უფლება განჩინების საფუძველზე ჰქონდათ.

"დილით 9-ის წუთებზე მოვიდნენ. როცა გავძახე, მითხრეს, რომ მეზობელი ვარო. მერე გავხედე და ვნახე, რომ 4 კაცი იყო, ფორმიანი და სამხრე კამერაც ჰქონდათ. დავურეკე ადვოკატს და ვერ მიპასუხა იმ წუთას. მითხრეს, რომ უფლება აქვთ შემოსვლის. როცა მობილური წაიღეს, ტონი შეიცვალა. შემდეგ დაიწყეს ჩხრეკა. თითქოს მეგობრული ურთიერთობის დაჭერას ცდილობდნენ, როცა ტელეფონი გაითიშა. მითხრეს, რომ გამოძიება მიდის საბოტაჟის და უცხოეთიდან დაფინანსების მუხლით. კამერა რომ გავთიშე, მერე ამიხსნეს ეს ყველაფერი და ახსენეს მოძრაობა "სირცხვილია". განჩინება 1 აპრილიდან დღემდე მოქმედებდა...როგორც ვიცი ნანუკა ჟორჟოლიანთანაც არიან შესულები. ეს არის მასშტაბის ჩვენება და დაშინების მცდელობა. მითხრეს, რომ მერე საცობები იქნებოდა და მაგიტომ ამჯობინეს დილით მოსვლა. ადვოკატის მოსვლამდე ვიყავი მარტო. 1 სამხრე კამერა იყო ჩართული. სახლის ჩხრეკა ზედაპირულად წარმართეს. აინტერესებდათ ტელეფონი. დედაჩემის და ჩემი ძმის საერთო ლეპტოპი წაიღეს, რომელიც არც ვიცი ირთვება თუ არა", - თქვა ბაჯელიძემ "რადიო თავისუფლების" ეთერში.

ცნობისთვის, მარიამ ბაჯელიძის სახლში პროკურატურა იყო შესული და ჩხრეკა ჩატარდა. პროკურატურა აქტივისტის სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე შევიდა. 

ბაჯელიძე გარკვეული დროის განმავლობაში ვიდეოს იღებდა, თუმცა პროკურატურის თანამშრომელმა პირდაპირი ეთერის დროს მას ტელეფონი ჩამოართვა. მანამდე, ბაჯელიძე აცხადებდა, რომ ვიდეოს გადაღების უფლება "თავდაცვის მიზნით" ჰქონდა, ის ასევე ალტერნატივად ადვოკატის დალოდებას ითხოვდა, თუმცა მას უთხრეს, რომ ადვოკატს  ვერ დაელოდებოდნენ და არც ვიდეოს გაგრძელების საშუალება მისცეს. 

განჩინებაში, რომელიც მარიამ ბაჯელიძეს გადასცეს სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლი არის მითითებული - კერძოდ, განჩინებაში მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე და 319-ე მუხლები. 318-ე მუხლი გულისხმობს საბოტაჟს, 319-ე კი "უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას".

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. საქმე, სავარაუდოდ, პროკურატურის მიერ საბოტაჟის საქმეზე ვატო შაქარიშვილის მიმართვის შედეგად დაწყებულ გამოძიებას ეხება. ამ გამოძიების ფარგლებში „ნანუკას ფონდის", „ფროსფერითის", „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის", „სირცხვილიას" და „ფონდის ერთმანეთისთვის" საბანკო ანგარიშები დააყადაღეს. 

მარიამ ბაჯელიძე წარსულში "სირცხვილიას" წევრი იყო, თუმცა, მოძრაობა 2024 წლის სექტემბრიდან აღარ მუშაობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი