ფონდი "ერთმანეთისთვის" დამფუძნებელი, გუგა ხელაია ამბობს, რომ ჩხრეკა მის ბინაშიც ჩატარდა და გამომძიებლებმა კუთვნილი ტელეფონი წაიღეს.
როგორც ხელაია სოციალურ ქსელში წერს, ბინის სრული ჩხრეკისას კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი აღმოაჩინეს.
"მეგობრებო, იყვნენ ჩემს ბინაშიც დილიდან. პროკურატურიდან ვართო და ოთხი ადამიანი შემოვიდა, ტელეფონი ხელში მეჭირა მაგ დროს და გამომართვეს, დალუქეს და წაიღეს. ბინის სრული ჩხრეკის შემდეგ, რომელსაც მეც ვესწრებოდი, ვერ აღმოაჩინეს ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო და წავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს პროცესი ვერ არის სასიამოვნო ჩემთვის, მათი მხრიდან აგრესიას და ნეგატიურ დამოკიდებულებას ადგილი არ ჰქონია. კორპუსის დაცვისგან როგორც შევიტყვე, სადარბაზოში 30-მდე პოლიციელი იდგა.
უდიდესი ალბათობით დაკითხვებზე დამიბარებენ და გაგრძელდება ეს პროცესი. შემდეგ რა იქნება არ ვიცი და აქვე გაგიზიარებთ. ჟურნალისტებთან და პროდიუსერებთან დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა განცხადებას ვერ გავაკეთებ და შეგიძლიათ ამ პოსტით და ინფორმაციით იხელმძღვანელოთ საჭიროების შემთხვევაში. კარგად ვარ! დიდად არც არავინ მყავს, რომ რაიმე მქონდეს დასაკარგი, შესაბამისად შიშებიც დიდი ხნის მკვდარია ჩემში. სოლიდარობა სხვა ფონდებს ჩემგან! და უდიდესი მადლობა თქვენ ყურადღებისთვის!", - წერს ხელაია.
ამავე თემაზე:
"ახლა აღმოვაჩინე რომ სახლში შემოსულია სუსიც. პროკურატურის გარდა" | ნანუკა ჟორჟოლიანი