გაერთიანებული ოპოზციის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ცეზარ ჩოჩელმა საარჩევნო კამპანია სწორედ იმ რაიონიდან დაიწყო, სადაც 2012 წელს მთავარი პროექტების შეჩერება მოუწია. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება მაჟორიტარობის კანდიდატისთვის მთავარი ამოცანაა.
თიანეთში კარგად ახსოვთ, როდის აშენდა სამედიცინო ცენტრი, დაიწყო თითქმის გაუვალი და გაპარტახებული გზის გამოსწორება, სოფლებში ბუნებრივი აირისა და წყლის გაყვანა. იხსენებენ იმასაც, როგორ შეჩერდა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ყველა პროექტი. ყოფილ გუბერნატორს კი ყველაზე მეტად გული საერთო საცხოვრებლის შენობაზე სწყდება, რომელიც გაარემონტა, მაგრამ შიგნით უსახლკარო ოჯახების შესახლება ვეღარ მოასწრო.
ეს შენობა დაგვრჩა კარკასულ მდგომარეობაში. გავაკეთეთ, რომ გაგვენაწილებინა გაჭირვებული მოსახლეობისთვის. 160 ოჯახზე იყო გათვლილი თავის დროზე. შენობის დასრულება ზუსტად არჩევნების მიმდინარეობას დაემთხვა და მაშინ ეს არ შეიძლებოდა, ეს ითვლებოდა მოსყიდვაში, ამიტომ სია იმ ადამიანების, ვისაც უნდა გადასცემოდა ბინები, დავტოვეთ შენობასთან ერთად. ეს ხალხი ისევ ისე, იმ შეჭირვებულ მდგომარეობაშია, ეს შენობაც დარჩა უპატრონოდ, - ამბობს ცეზარ ჩოჩელი.
სანამ შენობა ინგრევა, თიანეთის მუნიციპალიტეტში ათობით ოჯახის საცხოვრებლის სახურავი წყალს ვერ იკავებს. ადგილობრივი თვითმმართველობა კი მათთვის მომზადებულ შენობაში შესვლის ნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს, თუ საცხოვრებელს საკანალიზაციო სისტემას თავად დააერთებენ, რისი საშუალებაც არ აქვთ.
საერთო საცხოვრებელი ერთადერთი პროექტი არ არის, რომელიც მმართველმა გუნდმა შეაჩერა. ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები იხსენებენ, როგორ დაიწყო სიონის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა და გზის რეაბილიტაცია, მაგრამ "ქართული ოცნების" გამარჯვებისთანავე შეწყდა, დღეს კი ტბის ტურისტული პოტენციალი სრულიად აუთვისებელია.
თიანეთის მუნიციპალიტეტში ახლა არჩევნების დასრულებას უცდიან, რათა ახალი ენერგიით განახლდეს ის, რაც ფუნქციონირებისთვის მზად ჯერ კიდევ რვა წლის წინ იყო.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი.